სომხეთის ბანკები რუსული Mir-ბარათების მომსახურებას წყვეტენ

სომხეთის ბანკები რუსული Mir-ბარათების მომსახურებას წყვეტენ

სომხეთის უმეტესი ბანკების ბანკომატებსა და POS-ტერმინალებზე 30 მარტიდან გადახდის რუსული სისტემა Mir-ის ბარათების მომსახურება შეწყდება. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს VTB Armenia-ს წარმომადგენელმა განუცხადა.

ის ამბობს, რომ 30 მარტიდან მომხმარებლებისთვის POS-ტერმინალებზე უნაღდო ანგარიშსწორება, ასევე, რესპუბლიკის სხვა ბანკების ბანკომატებიდან ფულის განაღდება ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

თუმცა რუსული VTB-ის შვილობილი ბანკის ინფრასტრუქტურა Mir-ის ბარათებით მომსახურებას გააგრძელებს. კერძოდ, VTB-ჯგუფისა და სხვა რუსული ბანკების Mir-ბარათების მფლობელები VTB Armeniaს ბანკომატებიდან ფულის განაღდებას, ასევე, Mir-ბარათების მხარდაჭერილ რუსულ ონლაინ ბანკებში გადახდებსა და ონლაინ შესყიდვებს კვლავ შეძლებენ. სომხეთში VTB-ის სულ 53 ფილიალია, რომელთაგან 22 ერევანში მდებარეობს.

23 თებერვლიდან აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნული სისტემის წინააღმდეგ ბლოკირების სანქციები შემოიღო. შეზღუდვების შემოღების მომენტში Mir-ბარათები მთლიანად ან ნაწილობრივ მუშაობდა სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ვენესუელაში, ვიეტნამში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, კუბაში და საქართვცელოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში.”

2016 წელს რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულმა სისტემამ და სომხეთის ანალოგიურმა სისტემა ArCa-მ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც რუსული და სომხური ბარათების ორმხრივ მიღებას ითვალისწინებდა. კერძოდ, ArCa-ბარათებს რუსეთში, Mir-ბარათებს კი სომხეთში უნდა ემუშავა. Mir-ის ბარათებმა სომხეთში 2017 წელს დაიწყო მუშაობა, ხოლო არაერთმა სომხურმა ბანკმა კობეიჯინგური (ერთობლივი) ArCa-Mir-ის ბარათიც გამოუშვა. თავად Mir-ბარათებს VTB Armenia გასცემდა.

2023 წლის დეკემბერში Mir-ბარათებმა რუსეთის გადახდების ბაზრის ნახევარზე მეტი პირველად დაიკავეს, რადგან 2022 წლის მარტში რუსეთი საერთაშორისო გადახდის სისტემებმა, Visa-მ და Mastercard-მა დატოვეს. მანამდე ბაზრის ძირითად წილს სწორედ ისინი ფლობდნენ. ამასთან, რუსული ბანკების მიერ გაცემულმა Visa და Mastercard-ბარათებმა საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა ქვეყანაში მოქმედება ვადის ამოწურვამდე გააგრძელეს.

BPN