უკანონო მშენებლობები ბორჯომში – რაზე ხუჭავს თვალს მერია

უკანონო მშენებლობები ბორჯომში – რაზე ხუჭავს თვალს მერია

ყოფილმა პარლამენტარმა და „ოცნების“ შემწირველმა, ლერი ხაბელოვმა ბორჯომის ცენტრში, 6–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ორი წლის წინ, ნებართვის გარეშე დაიწყო და დაასრულა კიდეც. ბოლო პერიოდში საკურორტო ზონებში უკანონო მშენებლობებმა მასშტაბური სახე მიიღო. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის ბოლო დასკვნაც, სადაც მკაფიოდ და ხაზგასმით არის საუბარი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს არასათანადოდ აკონტროლებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს”. 

ყოფილი პარლამენტარის უნებართვო მშენებლობა ბორჯომში

„ქართული ოცნების“ შემწირველმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ლერი ხაბელოვმა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონთან, რუსთაველის N101–ში, 6–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნებართვის გარეშე 2022 წელის მეორე ნახევარში დაიწყო.

აღნიშნულ მისამართზე, ბორჯომის ცენტრში, ცენტრალური სტადიონის გვერდით ლერი ხაბელოვი 4 007 კვმ–ს ფლობს. აქედან 96.2%  სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზით მიიღო.

უფრო ზუსტად: ლერი ხაბელოვის შპს „სამკურნალო-სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს ოლიმპს“, (რომელსაც სხვადასხვა დროს მისი და ინგა ხაბელოვიც ფლობდა), 2016 წელს სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის წესით, 50 000 ლარად, 2 301 კვმ. ფართობი გადასცა, აქედან  1 801 კვმ. საცურაო აუზს ეკავა. მოგვიანებით, 2019 წელს, ხაბელოვებმა ამავე მისამართზე 150 კვმ. ფართობი კერძო პირისგან შეისყიდეს. ბოლოს, 2022 წლის ნოემბერში კი 1 556 კვმ. ლერი ხაბელოვმა  ელექტრონული აუქციონით 95 000 ლარად იყიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოფილ დეპუტატს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 64 980 ლარი აქვს შეწირული.

6–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. „სამხრეთის კარიბჭე“ ობიექტზე სამჯერ, სხვადასხვა პერიოდში იმყოფებოდა, თუმცა მეპატრონესთან შეხვედრა ვერ მოახერხა.

რატომ დაიწყო მშენებლობა ნებართვის მიღებამდე, ამის გასარკვევად ლერი ხაბელოვს დავუკავშირდით, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა: „ტელეფონით ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი ვინ რეკავთ, ვინ ხართ კარგად ბრძანდებოდეთ“.

ჩვენთან საუბარზე უარი თქვა, სამშენებლო ობიექტზე მყოფმა ერთ–ერთმა პირმაც, რომელიც საცურაო აუზი „ოლიმპის“ დირექტორად გაგვეცნო.

ობიექტზე არც საინფორმაციო დაფაა განთავსებული, საიდანაც მშენებლობის შესახებ მცირე ინფორმაციის მიღებას მაინც შევძლებდით: „იყო დაფა და ორი დღის წინ ჩამოვხსენით“, – ამბობს აუზის დირექტორი. ჩვენ ტერიტორიაზე ორი დღით ადრეც ვიმყოფებოდით, მაგრამ დაფა არც მაშინ იყო გამოკრული.

ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ “ლერი ხაბელოვი დაჯარიმებულია და ამ დროის მონაცემებით მშენებლობის ნებართვაც აქვს”, თუმცა რამდენი ლარით დაჯარიმდა ყოფილი პარლამენტარი და როდის მიიღო ნებართვა, ამ კითხვებზე არ გვპასუხობენ. თვითმმართველობას წერილობით 2024 წლის 22 იანვარს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

მერიამ მხოლოდ ის მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაცია maps.municipal.gov.ge–ზე შეგვიძლია გადავამოწმოთ, თუმცა ხაბელოვის სასტუმროსთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი არც აქ არ იძებნება.

რაზე ხუჭავს თვალს ბორჯომის მერია

ლერი ხაბელოვის დამ საცურაო აუზი „ოლიმპი“ სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით 2016 წლის ივნისში გაიფორმა. სამ თვეში ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ პარტიული სიით შევიდა.

2018–2019 წლების აუდიტის დასკვნაშია ნათქვამია, რომ შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ბორჯომელ მოსწავლეებს აუზით კვირაში არანაკლებ სამი დღე, 10 წლის განმავლობაში უფასოდ უნდა ესარგებლათ, რაც არ მომხდარა. „ოცნების“ ყოფილი პარლამენტარი სპორტულ კომპლექსს მხოლოდ კომერციული მიზნით იყენებს.

„დოკუმენტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ორგანიზაცია არსებულ პირობას არ ასრულებდა აუზის გახსნის დღიდან…მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მერიამ მთავრობას არ შეატყობინა მიმწოდებლის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოდან პერიოდულად ეგზავნება წერილები, ბორჯომის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორების მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით. რაც შეეხება „ოლიმპისთვის“ გადაცემულ საცურაო აუზს, მსგავსი მოთხოვნა მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთხელ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო წერილი არ გაგზავნილა, საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს განმეორებით აღარ მიუმართავს მერიისთვის“,–  ვკითხულობთ დასკვნაში.

ბორჯომის საკრებულოს ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი გიუაშვილის თქმით, მსგავსი ქმედებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს ხელს აფარებს. ხაბელოვი კი ერთ–ერთი მათგანია.

„წლების განმავლობაში სასტუმროს უკან მდებარე ფართს უკანონოდ იყენებდა, შემოღობილი აქვს. მე რომ რამე შემოვღობო უკანონოდ ვინ რას მაპატიებს?! ხალხს საკუთარი სახლებიდან ასახლებენ, ამას აქვს ყველაფერი გადაკეტილი შემოღობილი, აშენებს. ეგაა ზუსტად ოლიგარქობა, სხვა კი არაფერი. ბორჯომის შუაგულის ოკუპაციას ახდენს ჩვეულებრივად ჩალის ფასად. რაშიც ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობა“, – ამბობს გიორგი გიუაშვილი.

რა პრობლემას ქმნის განაშენიანების გეგმის არ არსებობა სადგერში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, რომელიც ქალაქიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ბოლო 5 წლის განმავლობაში 60–მდე კოტეჯი აშენდა. რადგან სოფელს განაშენიანების გეგმა არ აქვს, ნებართვები ძირითადად არ გაიცემა. ამიტომ ვინც ამ ტერიტორიაზე კოტეჯების მშენებლობას გეგმავს, უმრავლესობა  ნებართვის გარეშე  იწყებს მშენებლობას.

„სამხრეთის კარიბჭე“ 10–მდე იმ პირს ესაუბრა, ვისაც სადგერში კოტეჯი აქვს აშენებული, თუმცა არცერთ მათგანს საჯაროდ კომენტარის გაკეთება არ სურს.

ერთ–ერთი ვინც დაჯარიმდა თეონა აფციაურია, ამ შემთხვევაში უკანონო სამუშაოები არა მერიამ, არამედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა.

„სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა,ბორჯომში 2021–2022 წლებში შერჩევით დაათვალიერა ქალაქში და საკურორტო ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო სამუშაოები. გამოვლინდა, რომ 11 ობიექტზე კერძო პირები სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდნენ შესაბამისი ნებართვის გარეშე. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდგომ, მოცემულ ობიექტებზე მუნიციპალიტეტმა დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ჩვენ დავუკავშირდით თეონა აფციაურს დოკუმენტებში მითითებულ ნომერზე, თუმცა სხვა პირმა გვიპასუხა, რომელმაც განაცხადა რომ თეონას ახლობელია და ის გააკეთებდა კომენტარს:

„ჩვენ დაგვაჯარიმა მერიამ, შეტანილი გვქონდა საბუთები ნებართვაზე, მაგრამ სანამ პასუხი მოვიდა ახლობელი ტრაქტორით იყო ჩამოსული, მიწა გავათხრევინე და ამის გამო დაგვაჯარიმეს. ახლა ყველა საბუთი მოგვარებულია, ნებართვა გვაქვს“,– გვითხრა მან.

ბორჯომის მერის, ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, სოფელ სადგერის ზედა ტერიტორიაზე, ბოლო ხუთი წელის განმავლობაში,უკანონო მშენებლობისთვის დაახლოებით 5 პირი დააჯარიმეს: „საკმაოდ ბევრ მოქალაქეს ვუთხარით უარი მშენებლობაზე იქამდე, ვიდრე არ დამტიცდება ქალაქთმშენებლობის გეგმა“, – ამბობს იგი.

მისივე თქმით, ქალაქთ მშენებლობის გეგმაზე მუშაობა დაწყებული აქვთ და უახლოეს პერიოდში აღნიშნული საკითხი მოგვარდება.

ბორჯომის მერიის მიერ მოწოდებული ვებგვერდის  maps.municipal.gov.ge–ს  მიხედვით, სოფელ სადგერში მშენებლობის ნებართვა 15–მდე კოტეჯზეა გაცემული, დანარჩენის შემთხვევაში არც  ნებართვა, არც ჯარიმები არ იძებნება.

კოტეჯების მეპატრონეები ამბობენ, რომ რადგან ნებართვები ვერ მოიპოვეს, იძულებულები გახდნენ სამუშაოები უკანონოდ დაეწყოთ.

დანაშაულის ნიშნები ბორჯომის მერიის საქმიანობაში 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე საუბარია აუდიტის ანგარიშშიც. სახელმწიფო უწყებამ თვითმმართველობის 2021-2022 წლების მუშაობა შეისწავლა და განმარტა, რომ მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის არსებული სისტემა გაუმართავია, რაც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების დროულ გამოვლენას. სუსტია აღკვეთის პროცესის კონტროლის მექანიზმებიც.

„მერიამ გამოავლინა უნებართვო მშენებლობის 53 შემთხვევა  და შესაბამისი პირები დააჯარიმა ობიექტის სამუშაოების დასრულების ეტაპზე, ან როდესაც სამშენებლო სამუშაო დასრულებული იყო და ობიექტი ფუნქციონირებდა. მუნიციპალიტეტი საჭირო ინტენსივობით არ ატარებდა მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები, მერიამ დაგვიანებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ გამოავლინა და არ განახორციელა სათანადო რეაგირება მშენებლობის შეჩერების მიზნით“,–ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობისთვის ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი და დაჯარიმებულია 102 პირი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აუდიტმა უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა 2018–2019 წლის ანგარიშიც ასახა. მერიამ აუდიტორების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, შედეგად იგივე პრობლემები გამოვლინდა 2021–2022 წლების საქმიანობაშიც.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, ბორჯომის მერიის საქმიანობაში დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, პროკურატურას მიმართეს.

ცნობისთვის, 2020 წელს, ბორჯომში მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მერიის და საკრებულოს პირველი პირები დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გოგიჩაიშვილმა განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი.

რაც შეეხება მერს, ლევან ლიპარტიას, მან დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ლევან ლიპარტიას, პირველი მოადგილე ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი  იყო, ხოლო გოგიჩაიშვილის მოადგილე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მოქმედი მერი ოთარ არბოლიშვილი. 

რატომ არ გვაწვდის  ბორჯომის მერია საჯარო ინფორმაციას?

„სამხრეთის კარიბჭე“ ბორჯომის მერიისგან ოთხი თვეა უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია, ბორჯომსა და მის მიმდებარედ სოფლებში (სადგერი, ტბა, ცემი, დაბა წაღვერი, ასევე დაბა ბაკურიანში), ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოვლენილ უკანონო მშენებლობების რაოდენობაზე, ასევე გვაინტერესებდა, რამდენმა პირმა მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად, აქედან რამდენზე გაიცა ნებართვა და რამდენს უთხრეს უარი. თვითმმართველობას პირველად წერილობით 2023 წლის 16 ოქტომბერს მივმართეთ, პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ ჩვენი გამოთხოვილი ინფორმაცია მოცულობითია და მისი მოწოდებას შემჭიდროებულ ვადებში შეეცდებიან. მას შემდეგ კი ოთხი თვე გავიდა.

მოგვიანებით, ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი დაგვპირდა, რომ ინფორმაციას კონკრეტული შენობების საკადასტრო კოდებით მოთხოვნის შემდეგ მოგვაწოდებდა, გავაგზავნეთ ხელახალი წერილები, თუმცა პასუხი ვერც ამჯერად მივიღეთ. მერმა ჩათვალა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება „ადმინისტრაციული ორგანოს რესურსის გაუმართლებელ ხარჯვას იწვევდა და სცდებოდა ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს“.

ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, მის თანამშრომლებს „სხვა ბევრი საქმეც აქვთ და მხოლოდ „სამხრეთის კარიბჭისთვის“ რომ მოემზადებინათ ინფორმაცია, ორი კვირით ყველა თანამშრომელს ამ საკითხზე უნდა ემუშავა“.

საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, მერიის განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სრულად აცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს:

„გამორიცხულია ასეთი არგუმენტი, თითქოს თქვენ აცდენთ რესურსს. კანონი პირდაპირ ითვალისწინებს ორ რამეს – საჯარო ინფორმაციის გაცემას და საჯარო ინფორმაციაზე გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. ანუ თვითმმართველობას ჰყავს ადამიანი, რომელმაც ეს საკითხი უნდა მოაგვაროს, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვერანაირად ვერ იქნება გაცდენილი, ვინაიდან მას ეს დოკუმენტი ისედაც აქვს შექმნილი, თქვენ კი უკვე არსებულ დოკუმენტს ითხოვთ. რედაქცია ხომ არ ითხოვს რაღაც აბსტრაქტულს დოკუმენტს?! შესაბამისად ყოვლად დაუსაბუთებელია მათი პასუხი“,– თქვა მან.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, „სამხრეთის კარიბჭემ“ საჯარო ინფორმაცია ვერ მოიპოვა, ამიტომ ბორჯომის მერიის წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა.