სოხუმის აეროპორტი პირველ რეისს წელს მიიღებს – რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო

სოხუმის აეროპორტი პირველ რეისს წელს მიიღებს – რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს (130 მლნ დოლარს) შეადგენს, ხოლო რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება. ინფორმაციას ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს, რომლის დელეგაციაც სოხუმში იმყოფებოდა.

უწყების წარმომადგენლები კაპიტალურ სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი აცხადებს, რომ 2024 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რესპუბლიკისთვის ფინანსური დახმარების მოცულობა 5,6 მლრდ რუბლს (61 მლნ დოლარამდე) შეადგენს, რაც “დადებული ორმხრივი სამთავრობათაშორისი ხელშეკრულებების ფარგლებში, საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებას მოხმარდება.”

“ერთობლივი მოქმედებების შედეგად მხარეებმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. პროექტში ინვესტიციების მოცულობა 12 მლრდ რუბლზე (130 მლნ დოლარზე) მეტია. წელს სოხუმის რეკონსტრუქციულ აეროპორტში რუსეთიდან პირველ საცდელ რეისს ველოდებით,” – ამბობს ვოლვაჩი.

ცნობისთვის: 1993 წლიდან უფუნქციოდ დარჩენილი სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი პირველად 2020 წლის ნოემბერში, სოჭში პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრაზე გახმიანდა. 2023 წლის ოქტომბერში აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურულ განვითარებას“ შორის, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა.

BPN