„სილქნეტიდან“ აბონენტების მონაცემების გაჟონვის საქმეზე 23 წლის პირი დააკავეს

„სილქნეტიდან“ აბონენტების მონაცემების გაჟონვის საქმეზე 23 წლის პირი დააკავეს

სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ კომპიუტერული სისტემიდან ათასობით მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხური.

უწყების განცხადებით ირკვევა, რომ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით დაეუფლნენ 5000-მდე აბონენტის პერსონალურ მონაცემებს.

[დაკავებული] არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

23 წლის კაცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„სილქნეტიდან“ მონაცემების გაჟონვის საქმეზე რადიო თავისუფლებამ მასალა 19 მარტს მოამზადა. სატელეკომუნიკაციო კომპანიამ კი ამ საკითხზე განცხადება მომდევნო დღეს გაავრცელა.

„სილქნეტი“ წერდა, რომ მათი ბაზებიდან გავრცელდა „მომხმარებელთა მცირე ჯგუფის“, 2 000-მდე ადამიანის მონაცემები. შსს-ს განცხადებით კი გარიკვა, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან გაცილებით მეტი მონაცემები გავრცელდა.

კომპანიიდან ინფორმაციის გავრცელების საკითხის შესწავლა 18 მარტს დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. უწყება იკვლევს:

  • რამდენად დაცული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის უსაფრთხოების ზომები სილქნეტში;
  • შეასრულა თუ არა კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება.
  • სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტი მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, რომელიც კომპანიას საკუთარ ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული, სილქნეტს ჰყავს:
    • 1 859 784 მობილური ქსელის აბონენტი;
    • 154 555 ფიქსირებული ქსელის აბონენტი;
    • 339 452 ფიქსირებული ბროუდბენდის აბონენტი;
    • 259 673 ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელი.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.