ადიგენში მერაბ მიქელაძის სახლთან აქციას მართავენ

ადიგენში მერაბ მიქელაძის სახლთან აქციას მართავენ

დაბა ადიგენში, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოსახლეობა აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

“მეჩეთი არ უნდა აშენდეს. აქ არ ცხოვრობს არცერთი მუსლიმი. სადაც ცხოვრობენ ყველა სოფელში აქვთ მეჩეთი. ჩვენ ჭულევის მონასტერში დავდივართ აქედან, ვინ ააშენა აქ ეკლესია?! არ გვაქვს და დავდივართ იქ. ესენიც წავიდნენ და იქ ილოცონ სადაც აქვთ. ადიგენში არ ავაშენებინებთ”, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.

“აქ მესამე პირია ჩართული, ვიღაცას უნდა მუსლიმები და ქრისტიანები გვაჩხუბონ. ამიტომ უნდა იმოქმედოს მთავრობამ, ადიგენში მეჩეთი არ იქნება, ყოველ არჩევნებზე ასე ხდება. ჩვენ არ გვინდა პოლიტიკა. მშვიდი ცხოვრება გვინდა”, – ამბობს სოფელ ყარათუბანში მცხოვრები, ირა კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ მიქელაძესა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. როგორც მიქელაძე “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, ხელისუფლებამ თავდაპირველი შეთანხმება შეცვლა და სოფელ იჯარეთში ფართის გამოყოფა ადიგენში მდებარე სახლის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

დღეს მუსლიმებს პარასკევის ლოცვა აქვთ. როგორც მერაბ მიქელაძე ამბობს, მოლაპარაკების ჩაშლის გამო იგი გეგმავს ლოცვა ისევ საკუთარ სახლში აღავლინოს.