ადიგენში აქცია დაიშალა, ტერიტორია დატოვეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. დაბაში მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები რჩებიან. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ცნობისთვის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები დღეს, 5 აპრილს, 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა სალოცავი დაბა ადიგენიდან მოშორებით, იმ სოფელში გადაიტანონ, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.
დღესვე პოლიციამ ადიგენის შესასვლელი გადაკეტა და მუსლიმ მრევლს უფლება არ მისცა მერაბ მიქელაძის სახლამდე მისულიყვნენ. როგორც მათ სამართალდამცავებმა განუმარტეს, ეს მოსალოდნელი ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა.
მუსლიმებისგან განსხვავებით, პოლიციას მართლმადიდებლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მათ სასულიერო პირებთან ერთად დაუბრკოლებლად შეძლეს მერაბ მიქელაძის კუთვნილ ტერიტორიაზე შესვლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც უწყება აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.