ევროპარლამენტის წევრები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ ე.წ. „რუსულ კანონზე“, რომელიც, მათი შეფასებით, შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„ძალიან ვწუხვართ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ განზრახვაზე „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის ხელახლა შემოღების შესახებ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ კატეგორიულად უარყო გასულ წელს მასიური საპროტესტო აქციების დროს.
შემოთავაზებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, ასევე ცნობილი, როგორც კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, არღვევს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს: ნაბიჯი მე-9, რომელიც მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და ნაბიჯი 1-ლი, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას“,–წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტარების განმარტებით, „უცხოური აგენტების“ ან „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიზიარონ ევროკავშირის არსებული გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ და არ გაიზიაროს რუსეთის და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების გამოცდილება, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლებას, რეპრესიას და საბოლოოდ დაშლას“,–წერენ ისინი.
მათივე განცხადებით, ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს. დახმარება მიმართულია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე და ხარისხიანი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაზე.
„კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს დაასახელებს როგორც „უცხო აგენტებს“ და „სახელმწიფოს მტრებს“, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირის მსგავს დაფინანსებას, როგორც საქართველოს მთავრობა მსგავსი საქმიანობისთვის“,–ხაზგასმულია გავრცელებულ მიმართვაში.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს საკითხის შეფასება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მათ შორის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობით.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პეტრას აუსტრევიჩიუსი-ლიეტუვა;
- მირიამ ლექსმანი– სლოვაკეთი;
- სვენ მიკსერი–ესტონეთი;
- ვიოლა ფონ კრამონი–გერმანია;
- ანა ფოტიგა–პოლონეთი;
- ანდრიუს კუბილიუსი–ლიეტუვა;
- კარინ კარლსბრო–შვედეთი;
- ფრანსუა ტაილე–საფრანგეთი;
- კატალინ ქსე–უნგრეთი;
- ანა ჯულია დონათი–უნგრეთი;
- ანდრეი კოვაჩევი–ბულგარეთი;
- ჰილდე ვაუტმანსი–ბელგია;
- მიქაელა სოდროვა–ჩეხეთი;
- მაიკლ გალერი–გერმანია;
- რეინარდ ბუტიკოფერი–გერმანია;
- რამონა შტრუგარიუ–რუმინეთი;
- ჯოზეფ მიჰალი–სლოვაკეთი;
- მარეკ პაუელ ბოლტი–პოლონეთი;
- რასა იუკნევიჩიანე–ლიეტუვა;
- ატილა არა-კოვაჩი–უნგრეთი;
- ნაჩო სანჩეს ამორი–ესპანეთი;
- იზაბელ სანტოსი–პორტუგალია.