ბოლო თვეების განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსის სიმპტომებით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა. მოსახლეობის უმეტესობისთვის დაავადება გრძელდება დაახლოებით 10-დან 20 დღემდე. დაავადების სიმპტომებია ძირითადად მაღალი სიცხე დიდი ხნის განმავლობაში, მშრალი და სველი ხველა, ხმის დაკარგვა, სისუსტე, თავის ტკივილი და ა.შ.
ვირუსული დაავადებები ხშირია როგორც მოზრდილებში, ასევე მცირეწლოვან ბავშვებში. ამ თემაზე ნინოწმინდის საავადმყოფოს პედიატრ ლამარა დემეტრაძეს ვესაუბრეთ.
მისი თქმით: “როგორც covid-ის დროს, სეზონური ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა ახლა ძალიან მაღალია. სხვადასხვა ორგანიზმები განსხვავებულად რეაგირებენ დაავადებაზე, დაავადება იწყება ყელის ტკივილით, ან სიცხით და ასე შემდეგ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ მიმართონ თვითმკურნალობას, – თუ ბავშვს ან ზრდასრულს მეორე დღეა სიცხე აქვს, მაშინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და არა თვითმკურნალობა.”