ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია იმართება

ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია იმართება

ფოტო:პუბლიკა

დღეს, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ე.წ. „რუსული კანონის“ განხილვა გაიმართა. განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს მოწოდებით– „არა რუსულ კანონს“. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ბიუროზე ე.წ. „რუსული კანონის“ განხილვის დაწყებამდე პარლამენტში ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებდნენ. „პუბლიკას“ ინფორმაციით, იმ მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შორის, ვისაც პარლამენტში შეშვებაზე უარი უთხრეს არიან „პუბლიკას”, „ნეტგაზეთის”, On.ge-ს, „მთის ამბების” ჟურნალისტები.

„არ შეგვიშვეს შიგნით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ბევრ კოლეგას აქვს სპეციალური საშვი. დანარჩენებს კი გვაქვს პარლამენტის წევრის დაშვებული საშვები. ეშინიათ, რომ შევახსენეთ, საით მივყავართ ამ კანონს“, – უთხრა “რადიო თავისუფლებას” ჟურნალისტმა, „მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.

პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებით ცდილობს გააქროს და გააჩუმოს თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც დღემდე რჩება იმ სექტორად, რომელზე გავლენაც ხელისუფლებას არ აქვს.