მორიგი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტით შეშფოთებული არიან.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოჰყვება თუ არა დეპუტატების სანქცირება აღნიშნული კანონის მიღებას, მეთიუ მილერი პასუხობს:
„ახლა ჩვენ გარკვევით ვამბობთ, რომ შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ის[კანონპროექტი] წინ წავა, თვალყური ადევნეთ, დღეს გამოსაცხადებელი არაფერი მაქვს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.