როდის ექნება ყველა დასახლებულ პუნქტს 24-საათიანი წყალმომარაგება

როდის ექნება ყველა დასახლებულ პუნქტს 24-საათიანი წყალმომარაგება

2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, – ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2030 წლის ბოლოს ყველა დასახლებული პუნქტი იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.

„52%-ში გვაქვს 24-საათიანი წყალმომარაგება. ჩვენ 3 მლრდ ლარის ღირებულების პროექტებს ვახორციელებთ ამ ეტაპზე 100-ზე მეტ ადგილას. 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქში დავასრულებთ რეაბილიტაციის სამუშაოებს და 24-საათიანი იქნება ყველა ქალაქი და 2030 წლის ბოლომდე ყველა დასახლებულ პუნქტს ექნება წყალი“, – განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.

რაც შეეხება ტურისტულ ადგილებს, თევდორაძის თქმით, გუდაურს 24-საათიანი წყალმომარაგება უკვე აქვს – პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ბაკურიანში რამდენიმე ეტაპად ხორციელდება წყალმომარაგების პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ბიზნესპრენიუსის“ კითხვაზე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თუ არა ბახმაროს წყალუზრუნველყოფა, თევდორაძე გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა 2030 წლის ბოლოს ყველა დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ბაკურიანშიც, იქნება წყალი.

„აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გუდაურში განხორციელდა პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება გვაქვს, არამარტო წყალმომარაგების მიმართულებით, არამედ წყალარინების მიმართულებითაც, გამწმენდი ნაგებობები დასრულების ეტაპზეა. რაც შეეხება ბაკურიანს, აქ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით პირველი ეტაპის სამუშაოები დავასრულეთ, მიმდინარეობს 3 პროექტი, რომლითაც მთლიანად იცვლება ბაკურიანში როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების ქსელი, შენდება საფილტრი და გამწმენდი ნაგებობები. ბახმაროში ჯერჯერობით არ ვგეგმავთ, თუმცა 2030 წლის ბოლომდე ყველა დასახლებულ პუნქტს ექნება 24-საათიანი წყალი და ბახმაროს მათ რიგებშია“, – განაცხადა თევდორაძემ.

BPN