ესპრესოსა და ხსნადი სასმელების ყავა რობუსტაზე საბირჟო ფასები 16-წლიან მაქსიმუმზეა. ბოლო მონაცემებით, ყავის აღნიშნული სახეობის ღირებულება ტონაზე 3 800 დოლარამდეა გაზრდილი, ასევე 4 600 დოლარამდეა გაძვირებული არაბიკაც.
„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, როგორ აისახება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული სიტუაცია საქართველოზე და ხომ არ გამოიწვევს ეს ყავის ფასების გაზრდას.
როგორც ჩვენთან საუბარისას კომპანია „სისაურში“ აცხადებენ, ისინი რობუსტას ყავას არ იყენებენ. თუმცა იმპორტზე შემოაქვთ არაბიკას ჯიშის ყავის მარცვლები, რაზეც ფასი ასევე გაზრდილია. კომპანიაში აცხადებენ, რომ არაბიკას ნედლი ყავის რამდენიმე თვის მარაგი აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ, რომ ფასები ამ ეტაპზე შეინარჩუნონ.
„ნამდვილად ძალიან გაიზარდა ყავის ფასი. რეკორდულად მოიმატა რობუსტას ჯიშის იაფმა ყავამ. ამ ყავას ჩვენ ისედაც არ ვიყენებთ. რაც შეეხება არაბიკას ჯიშის ძვირფასი ყავის მარცვლებს, ფასი აქაც ძალიან გაზრდილია. საბედნიეროდ, გვაქვს რამდენიმე თვის მარაგი. ეს საშუალებას გვაძლევს ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მომხმარებელს შევუნარჩუნოთ ფასები“, – განგვიცხადეს კომპანიაში.
„სისაურში“ იმედოვნებენ, რომ არაბიკას მარაგების ამოწურვამდე, საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ყავის ფასი დარეგულირდება და კომპანიას ყავის ღირებულების გაზრდა არ მოუწევს.
ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე რობუსტაზე ფასის ზრდას ამინდსა და სარწყავი წყლის დეფიციტს უკავშირებენ. რობუსტას ყავის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ვიეტნამია, რომელსაც გვალვის გამო ყავის წარმოება შეუმცირდა. Bloomberg-მა ყავის ეროვნული ასოციაციის პროგნოზით, ყავა რობუსტას გლობალური მიწოდება სექტემბრისთვის 20%-ით შემცირდება.
BPN