14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება

14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება

14 აპრილი ქართული ენის დღეა. 1978 წლის ამ დღეს, თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.1990 წლიდან კი დედა ენის დღედ დაწესდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად აღარ იყო გამოცხადებული. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.

75-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, ასეთი იყო: „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა

დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“.

კრემლის ინიციატივას თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ამ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.