ფოტო: არქივი
არა რუსულ კანონს! – დღეს, 15 აპრილს ახალციხეში აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“ვაპროტესტებთ რუსულ კანონს!
ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის!”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია სოციალურ ქსელში ბექა მესხმა დაგეგმა – “მე ვარ ორგანიზატორი, დამოუკიდებელი აქტივისტი. ვინაიდან არავინ არაფერს გეგმავდა, გადავწყვიტე დამეორგანიზებინა”, – ამბობს იგი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც “რუსულ კანონს” პირველი მოსმენით განიხილავენ. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
დამოუკიდებელი მედიების ჟურნალისტები, არსამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნებისგან” ითხოვენ კანონპროექტის განხილვა შეაჩერონ, რადგან ეს გადაწყვეტილება ქვეყანას ხელს შეუშლის ევროინტეგრაციის გზაზე.
ცნობისთვის, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელახლა წარადგენს ე.წ. აგენტების კანონს, რომელსაც გასულ წელს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტი და მრავალათასიანი აქცია მოჰყვა.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ რუსლი კანონი იმავე დღეს, 3 აპრილის პარლამენტში დაარეგისტრირა.
საქართველოში მოქმედი 400–ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ 9 აპრილს თბილისში მარში მოწყო, რომელშიც მონაწილეობა ასობით ადამიანმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.