პარლამენტთან, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პარლამენტთან, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

ფოტო:ინტერპრესნიუსი

პარლამენტთან, სადაც მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, პოლიციელებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი „რუსული კანონის“ ხელახალ ინიცირებას აპროტესტებდნენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.

“ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში”, – განაცხადა ვაჟა სირაძე.

პარლამენტთან დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმა სცადეს. მომიტინგეებს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ცნობისთვის, 12–საათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ე.წ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საპროტესტო აქცია დილიდან იმართება საკანონმდებლო ორგანოსთან, პერიოდულად  იძაბება ვითარება.

აქციაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, მისი თქმით, “საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას!”.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დაარღვია პირობა და 3 აპრილს ხელახლა წარადგინა   ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც გასულ წელს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტი და მრავალათასიანი აქცია მოჰყვა.

ტეგები: