“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა, ასევე უზრუნველყოს მედიის წარმომადგნლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების – “პუბლიკას” , “ტაბულასა” და “აპრილის” ჟურნალისტებს – ალექსანდრე ქეშელაშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა, ასევე უზრუნველყოს მედიის წარმომადგნლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ სამართალდამცავები რჩებიან.
“რუსული კანონის” გასაპროტესტებლად მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 17 აპრილს, 12:00 საათზე შეიკრიბებიან.