შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.წერს skanews.ge
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში “რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება, აქციის მონაწილეეებმა კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლეს.
დემონსტრანტები “ქართული ოცნებისგან” ითხოვენ კანონპროექტი უკან გაიწვიონ. აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება.
17 აპრილს პარლამენტმა ე.წ აგენტების კანონპროექტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მომხრეებს შორის სამცხე–ჯავახეთიდან “ქართული ოცნების” სამი დეპუტატია: ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას”დაძლევის შესაძლებლობა აქვს, კანონის მიღების შემთხვევაში, მას ვეტოს დაადებს.