შაბათს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავს. წერს netgazeti.ge
“ქალები ვირჩევთ ევროპას” – მარში, ამ სახელწოდებით თბილისში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან აქციით დასრულდება. აქციაზე სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალები, რომლებიც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. პარალელურად, იმავე დროს მარში გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
“რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!”, – აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.
რუსულ კანონთან ერთად, ქალთა მოძრაობის პროტესტი შეეხება გენდერული კვოტების გაუქმებასაც. მათი შეფასებით “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას, ისევე როგორც იქამდე გენდერული კვოტების გაუქმებას, ერთი მიზანი აქვს – ძალაუფლების შენარჩუნება.
“რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვს – ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. გენდერული კვოტის გაუქმებით პარლამენტმა უგულებელყო საქართველოს ამომრჩევლის 65%-ის აზრი, რომლებიც ემხრობოდნენ კვოტებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, მოუსმინონ ქალების ხმას, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები. არ გააუქმოთ გენდერული კვოტები! 20 აპრილს ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში გავმართავთ მარშს და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!”, – ვკითხულობთ ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული კანონის წინააღმდეგ მარში ქალთა მოძრაობამ გასულ წელსაც მოაწყო. “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობისას, 2023 წლის 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს 11 ქალაქში ქალები გამოვიდნენ “ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”.