„ყველაფერი ერთი ადამიანიდან იწყება, ახალციხიდან ვუერთდები ქალების მარშს“, – ამბობს ნინა გონგაძე.
ის ერთადერთი ქალი იყო ახალციხიდან, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ქალების მარშს შეუერთდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს”.
ნინა, ტაეკვანდოში მსოფლიოს ჩემპიონია, სწავლობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სტუდენტებსაც ავარჯიშებს სპორტის ამ სახეობაში.
„დღეს მთელს საქართველოში არის ქალების მსვლელობა. ჩვენს რეგიონში, სამუხაროდ აღმოჩნდა, რომ ძალიან პასიურია ქალების ჩართულობა. გავადავწყვიტე თუ მარტო ვიდგებოდი, არც ეს იქნებოდა პრობლემა.
ვთვლი, რომ ერთი ადამიანისგან იწყება ცვლილება, ნელნელა შემოგვიერთდებიან ქალები და შევძლებთ ჩვენი ხმაც მივაწვდინოთ. საქართველოში ამომრჩეველთა 51–52% არის ქალი. ქართველ ქალებს ბევრი კეთლი საქმის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული არ არის ის მოვლენები რის შემსწრეც ვართ ახალა“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ნინა გონგაძე.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა ქალმა აიმაღლოს ხმა და დადგეს ქვეყნის გვერდით, განსაკუთრებით რეგიონებში:
„არ იყო დაანონსებული არსად, მე თავად, სხვა რეგიონში დაგეგმილი აქციიდან გავიგე. გამიკვირდა ჩვენთან რომ არ ტარდებოდა. გამოვედი როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, რიგითი კონსტრუქტორი, ჩემს გუნდში ძირითადად არიან გოგონები და რომ მკითხავენ ამ დღეს მე რას ვაკეთებდი, არ მინდა ვუპასუხო – იცით, დაანონსებული არ იყო! ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა აიღოს ვალდებულება და გამოვიდეს დადგნენ ერთმანეთის და საქართველოს გვერდით“, – ამბობს იგი.
ახალგაზრდა სპორტსმენის აზრით, ქალების პასიურობა რეგიონში, ბევრ საკითხს უკავშირება, მათ შორის ერთ–ერთი დეზინფორმაციაა:
„კომპლქსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, პირველ რიგში, ჩვენს რეგიონში ძალიან კარგად მუშაობს დეზინფორმაცია, არის ინფორმაციული ვაკუუმი, ქალები არ არიან ინფორმირებულები საკუთარი უფლებების შესახებ. ამიტომაც მათ სჭირდებათ ბიძგის მიმცები. ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს?“, – ამბობს ნინა.
რაც შეეხება “რუსულ კანონს”, ნინას თქმით, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი და ეს გადაწყვეტილება უკან დახევს ჩვენს ქვეყანას:
“ეს არც ქალის და არც კაცის არჩევანია, რეალურად ეს არის პრორუსული ნარატივი და უნდათ მიიღონ კანონად. ამას ქართველი ხალხი არასოდეს არ დათანხმდება. გვისაღებენ ევროპულად, რეალურად თუ ჩაიხედავთ არის რუსული. ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც ქალების გაძლიერებას ეხარება, ბევრი სიკეთე მიგვიღია ევროპული დაფინანსებით. ახლა დაიწყება იარლიყების მიწებება, აღარ იქნება დამოუკიდებელი მედია. მედიას ახლა ისედაც ძალიან უჭირს, დიდი ზეწოლაა მათზე, თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში შევიდეთ, უმნიშვნელოვანესია მედიის და სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ახლა ვიწყებთ რეალურად წინსვლას, ეს კანონი მთელს ერს დახევს უკან”, – ამბობს ნინა.
ცნობისთვის დღეს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, საქართველოს 9 ქალაქში ქალების მარში გაიმართა სლოგანით – „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!
„ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი!
რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს!
ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!
რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ – ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. გენდერული კვოტის გაუქმებით პარლამენტმა უგულვებელყო საქართველოს ამომრჩევლის 65%-ის აზრი, რომლებიც ემხრობოდნენ კვოტებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, მოუსმინონ ქალების ხმას, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები. არ გააუქმოთ გენდერული კვოტები!
20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში გავმართავთ მარშს და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!“, – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.