სამცხე–ჯავახეთში ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

სამცხე–ჯავახეთში ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა. გამოძიება სსკ–ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა”, – ნათქვამია განცხადებაში.