ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.

ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე 7 730 მ-ზეა გაჭრილი. ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში – ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას და ერთი ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი ხუთკილომეტრიანი ახალი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.

ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და, გვირაბის მშენებლობის ნაწილში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

1TV