შევხვდებით აქციაზე – ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

შევხვდებით აქციაზე – ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე გრიგორიდისმა გლდანის ციხე უკვე დატოვა.

“პირველ რიგში მინდა მადლობა მოვუხადო პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით. მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო. რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღეს, 24 აპრილს გამოსცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი,  ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.

აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.