სახალხო დამცველის აპარატმა ცალკეულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, მათ შორის მოხვდა სამცხე–ჯავახეთიც. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში გამოვლინდა, ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ანგარიშში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ რეგიონში, რომელი კლინიკა შემოწმდა.
“სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მოწვეულ ექსპერტ, ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, უფლებამოსილი უწყებებიდან გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, 2023 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ 9 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები.
სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. კერძოდ:
მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან, ხუთ დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის. სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ სივრცეების ზონირების პრინციპების დაცვის დარღვევები და ზონებს შორის გადაადგილებისას პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მოთხოვნების დაუცველობა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე დაწესებულების თანახმად, ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები. გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები.