‘კარტოფილი მიგვაქვს გასაყიდად’ – ‘ოცნების’ კონტრაქციაზე სამცხე–ჯავახეთიდან ათობით მანქანა წავიდა

‘კარტოფილი მიგვაქვს გასაყიდად’ – ‘ოცნების’ კონტრაქციაზე სამცხე–ჯავახეთიდან ათობით მანქანა წავიდა

დღეს, 29 აპრილს, “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრიბეს, მათ შორის სამცხე–ჯავახეთიდან. აქციაზე დავალებით მიჰყავთ სკოლის და ბაღის მასწავლებლები, თეატრის და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მეეზოვეები, მოცეკვავეები, სტუდენტები და ფაქტობრივად, ყველა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. მათ უმრავლესობას არ აქვს პასუხი, რატომ უჭერენ მხარს „რუსულ კანონს“. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

დღევანდელ შეკრებაზე, „ქართული ოცნებას“ იმ კანონის მხარდასაჭერად მიჰყავს მოქალაქეები, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საქართველოს არაერთი საერთაშორისო პარტნიორის მკაფიო განცხადებით, ქვეყანა დაკარგავს ევროკავშირში გაერთიანების შანსს, რადგან კანონი საქართველოს „რუსულ ორბიტაზე დააბრუნებს“.

აქციაზე წასასვლელად მისული მოქალაქეების დიდი ნაწილი ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფებს, აქციაზე გასამგზავრებლად შეკრებილმა ადამიანებმა, მათ შორის საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შეკრებილების უმრავლესობა ვინაობას გაქცევით, ან დამალვით ცდილობდა. მათ ნაწილს არც კი ჰქონდა ინფორმაცია, რა საკითხს ეხებოდა თბილისში დაორგანიზებული აქცია. აქციაზე წამსვლელთა კოლონებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, „ქართული ოცნების“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ლაზარაშვილი და საჯარო სამსახურების სხვა ხელმძღვანელი პირები აცილებდნენ.

„ჩვენ ვართ მონები…სამშობლოს დაბადების დღეზე მივდივართ…კარტოფილი მიგვაქვს გასაყიდად…ექსკურსიაზე მივდივართ… არ ვიცი რატომ მივდივარ…ვერ გეტყვით (სად მივდივართ)…უკომენტაროდ…ვდგავარ ქალბატონო, არსად არ მივდივარ…დამანებეთ თავი, შენი საქმე არაა (ვინ დამავალა)…აქციაზე არა, ზღვაზე მივდივარ…ნათესავთან მივდივარ…წინასწარმეტყველი ხარ? რა იცით რომ აქციაზე მივდივარ…არ აქვს მნიშვნელობა ჩემს აზრს…ქორწილში მივდივართ…“,–ეს არის იმ კომენტარების მცირე ჩამონათვალი, რასაც აქციაზე გამგზავრებამდე მოქალაქეები ნაწილი აკეთებდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლებთან, ბაღებთან და სხვა საჯარო დაწესებულებებთან დაპარკინგებულ ათობით ავტობუსთან შეკრება მოქალაქეებმა დილის 9 საათიდან დაიწყეს. ავტობუსების კოლონა თბილისისკენ დაახლოებით 12:00 საათისთვის დაიძრა.

„რუსული კანონის“ მხარდასაჭერ „ქართული ოცნების“ აქციაზე, პარტიამ ახალციხის ის ტრანსპორტი იქირავა, რომელიც წესით მუნიციპალიტეტის სოფლებს უნდა ემსახურებოდეს, თუმცა ტრანსპორტი დღემდე უმოქმედოდ დგას.

მერის თქმით, აქციაზე სულ მცირე 1300 ადამიანის მობილიზება მოხდა.

„ქალაქს ემსახურება ის ავტობუსები, რაც ემსახურებოდა აქამდე. ყველა შვებულებაშია. თანამშრომლები არიან მერიაში დარჩენილი, ვინც იმუშავებენ. ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად მივდივარ თბილისში. საუბარი არის იმაზე, რომ დაინახოს მსოფლიომ, რომ მარტო ერთი ჯგუფი ან რაღაც ერთი ნაწილია რ არის საქართველო, საქართველო ვართ ჩვენ. არავის არ აქვს დავალება. ვერ მეტყვით ერთ მოქალაქეს, რომელიც დავალებით, დაძალებით არის წამოსული. ბაღის თანამშრომლებიც არიან, მაგრამ აქვთ შვებულებები. ყველა ბაღი მუშაობს, ასევე სკოლებიც. ეს არ არის რუსული კანონი, თქვენ არქმევთ მას რუსულს“,–აცხადებს ირაკლი ლაზარაშვილი.

ერთ–ერთი მოქალაქე, გიორგი ჯვარიძე ამბობს, რომ აქციაზე წასვლის მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ „ქვეყანას არ სჭირდება ბატონი“.

„დიახ, აქციაზე მივდივარ. ამ კანონის მიღებით, ჩვენი ქვეყანა რეალური დამოუკიდებლობის გზას ადგია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთი ბატონის… ერთი ბატონი შევცვალეთ 90–იან წლებში და ახლა გავხდით მეორედ, ბატონის მონა. თუ კანონს მივიღებთ, ვიქნებით დამოუკიდებელი და თუ ვერ მივიღეთ და თქვენსას გაიტანთ, ვიქნებით ისევ ისეთი მონა, როგორც ვიყავით კომუნისტების დროს, როცა მითითებებს გვაძლევდნენ. დღესაც მითითებებს გვაძლევენ“,–ამბობს ის.

აქციას შეუერთდა ახალგაზრდების ნაწილიც. ერთ–ერთი, მარიამ ჩილინგაროვი ამბობს: „არავის დავალებით, ჩემი სურვილით, ისე მივდივარ. ყველა ლაპარაკობდა აქციაზე წასვლაზე, პატარა ქალაქია, შემატყობინეს და ჩემი სურვილით მივდივარ. მიზანი საქართველოს ერთიანობაა. მე არ ვთვლი, რომ (რუსული კანონი) ცუდია“.

ავტობუსების მძღოლები ამბობენ:

„მივდივარ თბილისში. როგორც მითხრეს ისე მივდივარ, ჩემი ნება ხომ არ არის? ალბათ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა და მივდივარ“

„თბილისში მივდივარ. ოცნების ხალხი მიმყავს. უფასოდ მივდივარ. რანაირი რუსული კანონია, არაა რუსული, ჩვეულებრივი კანონია!“