რუსეთში, დუმის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონში ცვლილებას, რის მიხედვითაც მოაქალაქეებს, რომლებიც დაფინანსებას სხვა ქვეყნებიდან იღებენ, არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კანონის თავდაპირველად მიღებისას აცხადებდა, რომ “უცხოეთის აგენტების” სიაში პირების თუ ორგანიზაციების შეყვანა არ გამოიწვევდა მათი უფლებების დარღვევას და კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გასაკონტროლებლად და გამჭვირვალობისთვის მიიღებოდა.
კანონის პირველი ვარიანტის მიღების შემდეგ, მასში ცვლილება არაერთხელ შევიდა. ბოლო ცვლილების მიხედვით, პირები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ “უცხოეთის აგენტების” სიაში, ასევე ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ უწყებებთან კავშირების მქონეთა სიაში არიან შეყვანილი, ვერ შეძლებენ იყვნენ კანდიდატები, არჩევნებზე დამკვირვებლები, კანდიდატების და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები. უკვე რეგისტრირებული პირების “უცხოეთის აგენტების” სიაში შეყვანა არ შეიძლება არჩევნების შედეგების შეჯამებამდე.
რუსეთში “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში ამჟამად 400-ზე მეტი ფიზიკური პირია შეყვანილი. მათგან ბევრი საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა დიდი ნაწილი რუსეთში რჩება.
დღეს, საქართველოში ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ „რუსულ კანონს“ „ქართული ოცნება“ აინიცირებს. მმართველი გუნდი რწმუნება, რომ კანონი ქართულია და იგი არა თავისუფალი არასამთავრობო სექტორის და მედიის გასაჩუმებლად, არამედ „გამჭვირვალობისთვის“ მიიღება. „რუსულ კანონს“ საქართველოს არც ერთი მეგობარი ქვეყანა და ორგანიზაცია არ უჭერს მხარს. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად და ხაზგასმით ამბობს, რომ კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ის ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რაც მიუღებელია. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების და საქართველოში, უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტისა, „ქართული ოცნება“ არავის არ უსმენს და კანონის მიღებას მაინც აპირებს.