რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს გერმანიასთან

რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს გერმანიასთან

საქართველოს დღეს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა. იგეგმება შეხვედრები ეკონომიკური და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრებზე განიხილავენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევაზე, ამასთანავე, საუბარი შეეხება ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს გერმანიასთან. დავიწყოთ სავაჭრო ურთიერთობებით:

გერმანია უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილს იკავებს. 2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში განხორციელებულმა იმპორტმა 3,37 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 223 მილიონი გერმანიაზე მოდიოდა. გერმანიიდან საქართველოში იმპორტზე ყველაზე ხშირად შემოდის მსუბუქი ავტომობილები, ძრავის ცილინდრები, სამკურნალო საშუალებები, სატვირთოები, ტრაქტორები და ა.შ.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, გერმანიაში საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 172,775 მლნ დოლარის ღირებულების ქართული წარმოების პროდუქტი, ძირითადად კაკალი, ვაშლის წვენი, ფქვილი, ღვინო და ხის ნაწარმი.

ტურიზმის მიმართულებით ასეთი მონაცემები გვაქვს: პირველ კვარტალში გერმანელი ტურისტების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში გერმანიის რეზიდენტებმა 11 005 ვიზიტი განახორციელეს. ამასთანავე, ევროკავშირიდან განხორციელებულ ვიზიტებში გერმანიის წილი 14%-ს აჭარბებდა.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, გერმანია მე-6 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის ფული იგზავნება. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში გერმანიიდან 54,55 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან გერმანიაში 2,3 მლნ დოლარი.

BPN