დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ახალი ტარიფი, Wizz Smart შემოიღო. ავიაკომპანია მგზავრებს უკვე ოთხი ტარიფის ხაზს სთავაზობს. ინფორმაციას Avianews.com ავრცელებს.
Wizz Smart ყველაზე დაბალბიუჯეტიან ტარიფ Basic-ს მოსდევს, რომელიც მხოლოდ მცირე, 40x30x20 სმ-მდე ზომისა და 10 კგ-მდე წონის ხელბარგს მოიცავს.
საბაზისო ტარიფისგან განსხვავებით, Wizz Smart მგზავრს საშუალებას აძლევს, თვითმფრინავში მცირე ზომის ხელბარგის გარდა, 55x40x23 სმ-მდე ზომისა და 10 კგ-მდე წონის მოძრავი ჩემოდანი ან სხვა ჩანთა შეიტანოს. ტარიფი, ასევე, პრიორიტეტულ ჩასხდომას, სტანდარტული ადგილის უფასოდ არჩევასა და ფრენამდე 30 დღით ადრე რეგისტრაციის შესაძლებლობას მოიცავს.
ვარაუდობენ, რომ მომსახურების ასეთი პაკეტი უფრო იაფია, ვიდრე ამ სერვისის შეძენა Basic-ტარიფზე. თუმცა Avianews.com წერს, რომ Wizz Air სერვისებისთვის დინამიურ ფასებს იყენებს, ამიტომ მგზავრმა ავიაბილეთის შეძენამდე უნდა გადაამოწმოს, Basic-ტარიფზე სერვისების დამატება უფრო იაფია თუ ყველაფრის ერთ პაკეტში შეძენა.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air ამჟამად ბილეთებს კიდევ ორი ტარიფით ყიდის. ეს არის Wizz Go, რომელიც ხელბარგის პატარა ჩანთას, სტანდარტული ადგილის არჩევასა და 20 კგ-იან ბარგს მოიცავს. ახალ ტარიფამდე Wizz Go უფრო მეტ სერვისს მოიცავდა, როგორიც არის დიდი ხელბარგი, პრიორიტეტული რეგისტრაცია და უფასო რეგისტრაცია აეროპორტში.
ყველაზე ძვირად ღირებული ტარიფია Wizz Plus, რომელიც დიდ და პატარა ხელბარგს, 32 კგ ბარგს, ნებისმიერი ადგილის არჩევას დამატებითი საფასურის გარეშე, უფასო რეგისტრაციას აეროპორტში, რეისის დამატებითი საფასურის გარეშე შეცვლასა და Wizz-ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით ბილეთის დაბრუნების სერვისს მოიცავს.
ცნობისთვის: დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე Wizz Air-მა დროულად რეისების მხოლოდ 63% შეასრულა, ხოლო რეისების 2%-ს სამ საათზე მეტხანს აყოვნებდა.