„შესაძლოა, საპენსიო დანაზოგებმა საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.წერს bpn.ge
ამასთანავე, ცომაიამ ისაუბრა ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები კრედიტების სახით შესაძლოა, გაიცეს სხვადასხვა პროექტზე. მისი თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ 5 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგები პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს.
„თუ თეორიულ კონტექსტში განვიხილავთ, საპენსიოს სააგენტოს არსებული სისტემის პირობებში ადამიანების დანაზოგები 100%-ით დაცული არ არის, მაგრამ არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები და გარდა ამისა, თავად მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ შეარჩიონ რისკიანი ან ურისკო პორტფელი, გარდა ამისა, ზედამხედველობა უფრო დივერსიფიცირებული იყო. ასევე საკმაოდ შეზღუდული იყო ის არეალი, სადაც შეეძლო საპენსიო სააგენტოს განეხორციელებინა ინვესტიციები. ეს არეალი და შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა.
ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ინსტიტუცია, რომელმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, თქვას უარი თავისი ვალდებულებების გადახდაზე. შესაძლოა, დანაზოგებმა საბჭოთა ანაბრების ბედი გაიზიაროს და მსგავსი შემთხვევები მომხდარა მაგალითად პოლონეთში, სადაც საპენსიო ფონდის სახსრები იქნა გამოყენებული აბსოლუტურად უმიზნოდ. საქართველოს მოქალაქეებს არ ჰკითხეს, უნდათ თუ არა თავისი დანაზოგები შეეტანათ საპენსიო სააგენტოში, მათ უბრალოდ ეს დანაზოგები აიღეს და შექმნეს და ამით დააგროვეს 5 მილიარდი ლარი. შესაბამისად, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფო მიზნებიდან გამომდინარე თქვან, რომ ეს თანხა დაიხარჯა.
„რუსულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი ილესავს კბილებს ამ 5 მილიარდ ლარზე და ის სხვადასხვა შენიღბული მიზნებისთვის, რომ ვითომ სადღაც რაღაც აშენდება, ეს ფონდი არის მათთვის, რომ შეძლონ ეს ფული გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.
შეგახსენებთ, მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“.
მმართველი საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტსაც თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის. გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე, რაც გამოიწვევს „საპენსიო ფონდის“ ბიუჯეტის ზრდას.