სამშაბათს, 14 მაისს, ერევანში გაგრძელდა საპროტესტო აქციები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.
პოლიციამ ძალა გამოიყენა ათობით დემონსტრანტის დასაკავებლად, რომლებსაც სომხეთის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.
სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ერევანში გასული კვირიდან დაიწყო. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ბაქოს კონტროლის ქვეშ ოთხი სოფლის გადასვლას, რაც ფაშინიანის თქმით, აუცილებელია აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ყარაბაღის რეგიონის გამო, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ორჯერ იომეს. რეგიონზე სრული კონტროლი ბაქომ 2023 წელს დაამყარა.
მთიან ყარაბაღს მშფოთვარე ახლო წარსული აქვს. ის გასული საუკუნის 80-იანი წლების ბრძოლებიდან იღებს სათავეს, რომლებმაც მილიონზე მეტი ადამიანი (როგორც აზერბაიჯანელი, ასევე სომეხი), მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, დევნილებად აქცია.