,,საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება“ – „სენტა ოილი“

,,საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება“ – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ესაუბრა. ზაალ იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი მომდევნო 2 კვირაში აისახება.  წერს  bpn.ge

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინის ღირებულება 6-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, „პლატსის“ გაძვირება გახდა, კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა საწვავზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა.

„საწვავის ფასი „პლატსის“ მიხედვით, 1-თვიან ჭრილში შეიძლება გაზრდილი იყოს, მაგრამ ბოლო 2 კვირაა იაფდება. შესაბამისად, ფასების კლება საქართველოშიც უკვე დაწყებულია. იქიდან გამომდინარე რომ ეს ახალი ამბავია, ეს ძირითადად შეეხო საბითუმო ბაზარს, სადაც დაახლოებით 10-15 თეთრით არის გაიაფებული. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, აქაც უკვე სადღაც 2 კვირაში აისახება და საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.

სულ ცოტახნის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა საწვავის ექსპორტზე შეზღუდვას დროებით მოხსნის. ამასთან, როგორც ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არის საუბრები, რომ საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა რუსული არასანქცირებადი ქარხნებიდან საწვავი შემოიტანოს. აღნიშნულს ადასტურებს ზაალ იაკობიძეც, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ საუბრების დონეზეა და დოკუმენტურად დადასტურებული არ არის.

„არის მსგავსი საუბრები, მაგრამ დოკუმენტურად დასაბუთებული არ არის. აქამდეც იყო მსგავსი ვერსიები, თუმცა, რეალობაში რამდენად მოხდება, რთული სათქმელია“,- აღნიშნავს ზაალ იაკობიძე.