ხარებავა ‘ნიალაში’ 3 000 ჰექტარს ფლობს – რა ინტერესი აქვს რუსეთთან დაკავშირებულ ქართველ ბიზნესმენს ასპინძის მთაში

ხარებავა ‘ნიალაში’ 3 000 ჰექტარს ფლობს – რა ინტერესი აქვს რუსეთთან დაკავშირებულ ქართველ ბიზნესმენს ასპინძის მთაში

ასპინძის მთაში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი საძოვრები დღითიდღე მცირდება. ტერიტორიის დიდი ნაწილი იჯარითაა გაცემული, სადაც  ყოველწლიურად, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილ პირუტყვს აბალახებენ. ბოლო წლებში, ასპინძის მთის მიმართ ინტერესი გაუჩნდა ხელისუფლებასთან და რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენს, ალექსანდრე ხარებავას, რომელმაც 3 000 ჰექტარზე მეტი მიწა იყიდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

„ნიალაში“ადგილობრივები წლების განმავლობაში ტერიტორიის ნაწილს სათიბად, ნაწილს კი საძოვრებად იყენებდნენ, ასე იყო იქამდე, ვიდრე მთით ბიზნესმენები დაინტერესდებოდნენ.

„მთა აღარ გვაქვს საერთოდ, წაიღეს, გაიყიდა! კერძო პირებს აქვთ ნაყიდი და აქირავებენ კახეთიდან ჩამოსულ მწყემსებზე, რომლებსაც ცხვარი ჩამოჰყავთ. იქ ახლა მშენებლობები და ათასი რაღაცა მიდის. კოტეჯები, ყანები, იღობებაო მითხრეს. კაი ადგილია, ვიღაც ბობოლები ჩაჯდნენ…ადრე ყველამ თავისი ადგილი და ზომა იცოდა, საიდან სადამდე უნდა ეძოვებინა და ეთიბა. დღეს აღარაფერი დარჩა. ახლა აღარ დავდივართ სოფლიდან მთაში. აღარც გვიღირს. ადგილი რომ არ არის, ვის ადგილში შეხვალ?! მიხვალ და მერე ვიღაც მოგედავება. ვინც საქმეში ჩახედულია იცის, რომ იქ ფული იშოვება, ყველაფერი გაიფორმეს უპრობლემოდ“,–გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი.

სოფელ იდუმალაში შიშობენ, რომ მალე მოსახლეობა არასაკმარისი საძოვრების გამო, საქონელს ვეღარ შეინახავს, მხოლოდ მიწის დამუშავებით კი, რომელიც 1.25 ჰეტარია, ოჯახის რჩენა გაუჭირდებათ.

„მთა აღარ გვაქვს, წაგვართვეს… ვისაც ფული აქვს.  ვინ შეგვეკითხა ჩვენ რომ? წინასწარ არავინ არაფერი გვითხრა, მოვიდნენ, თქვეს რომ ნაყიდიაო და მორჩა. ვინღა შეგვიშვებს იქ? შემოღობეს, დათესეს, დახნეს, კაი ხანია აღარც ავსულვართ იქ. 5 წელზე მეტია ასეთი მდგომარეობაა. ადრე იჯარითაც იღებდა მოსახლეობა მიწას „ნიალაში“. მაშინ ბევრი არაფერი გვიჯდებოდა, ახლა ისე გააძვირეს რომ ვერ გადავიხდით“,–ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

ერთ–ერთი, ვინც ასპინძის მთაში მოცულობით საძოვარ და სათიბ ტერიტორიებს ფლობს ბიზნესმენი, ალექსანდრე ხარებავაა. მან და მისმა კომპანიებმა, ძირითადად 2020–2024 წლებში 3 000 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთები იყიდეს კერძო და იურიდიული პირებისგან.

მისი ერთ–ერთი  კომპანია, სადაც 100%–იან წილს ფლობს სს „აქტივების მართვის კომპანია“ და შპს „ინტელ–აგრო–სერვისია“.

2023 წლის მონაცემებით, სს აქტივების მართვის კომპანიის კაპიტალი (სააქციო კაპიტალი არის კომპანიის აქციონერთა მიერ ბიზნესში ინვესტირებული კაპიტალი) 2 601 554 ლარს შეადგენს, შპს „ინტელ–აგრო–სერვისის“ კი 224 309 ლარი.

სს აქტივების მართვის კომპანიის წესდებაში ვკითხულობთ, რომ მისი საქმიანობის საგანია უძრავი ქონების შეძენა, იჯარით/ქირავნობით გაცემა და ინვესტიციების განხორციელება.

მათ მიერ, ასპინძის მთაში ნაყიდი მიწების უმრავლესობა სს „აქტივების მართვის კომპანიას“ ეკუთვნის. რა ბიზნესინტერესი აქვს ალექსანდრე ხარებავას კომპანიას და რა საქმიანობას ეწევა ის – კითხვებით კომპანიის დირექტორს, დავით სირაძეს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, ტერიტორიების ნაწილი იჯარით ბიზნესმენისვე კომპანიას, შპს „ინტელ–აგრო–სერვისს“ აქვს გადაცემული, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში საქმიანობს.

„საკმაოდ დიდი მიწები იჯარით გადაცემულია კომპანია „ინტელ–აგრო–სერვისზე“. საკმაოდ წარმატებულ საქმიანობას ეწევა. აქვს ხორბალი დათესილი, ჭვავი, სელი და ქერი. არის ასევე ცხვრის ფერმა, ყალიბდება ვირების ფერმაც. ადგილობრივების დასაქმებაზე პირდაპირ აისახება (კომპანიის საქმიანობა) და არა ირიბად. არავითარი სხვა (ადამიანური) რესურსი არ არის, რომ შორიდან იაროს (სამუშაოდ არაადგილობრივმა პირმა). ადგილობრივები საქმდებიან“,–აცხადებს ის.

საჯარო რეესტრში ალექსანდრე ხარებავას უძრავ ქონებასთან დაკავშირებით 100 გვერდამდე ინფორმაციაა განთავსებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გვერდზე არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე ხარებავა პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან, 2014 წელს, პარტიას, 37 353 ლარი შესწირა, 2016 წელს კი კანონით ფიზიკური პირისთვის დაშვებული მაქსიმალური ოდენობა, 60 000 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ტენდერების მონიტორინგის პლატფორმაზე დაჯამებული მონაცემებით, ალექსანდრე ხარაბავას მხოლოდ ერთ კომპანიას, შპს „მეღვინეობა ხარებას“ 494 გამარტივებული შესყიდვით 515 191 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. კომპანიაა ღვინის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი რუსეთში.

ბოლო წლებში, ალექსანდრე ხარებავას მთის მიმართ ინტერესი რომ აქვს, ამაზე ქვეყნის მასშტაბით, სხვა მუნიციპალიტეტებში ნაყიდი მიწებიც მეტყველებს. 2021 წელს, სახელმწიფომ ალექსანდრე ხარებავას თელავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთებში, 2 583 ჰექტარი საძოვარი მიწა ცხრაწლიანი იჯარით გადასცა.

ალექსანდრე ხარებავა მიწებს ფლობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაშიც, მათ შორის ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებთან, ბუღდაშენის აღკვეთილის მიმდებარედაც, ჯამში 23,4 ჰექტარს.

ალექსანდრე ხარებავას ბიზნესინტერესს უკავშირდება ახალციხეში, საბარგო სადგურის მიმდებარედ 25 963 კვ.მ. ფართობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყიდვაც. მან გასულ წელს, აუქციონზე უკონკურენტოდ, 530 000 ლარად, ინვესტიციის განხორციელების პირობით იყიდა. 2023 წლის 23 მარტის ბრძანების მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შეძენილ მიწის ნაკვეთზე სასაწყობე–სამაცივრე მეურნეობა შექმნას, მათ შორის მოაწყოს შესაბამისი შენობა–ნაგებობა და დაიწყოს მისი ფუნქციონირება. ბრძანების თანახმად, ობიექტის გაყიდვიდან 36 თვის ვადაში ბიზნესმენმა ადგილზე არანაკლებ მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ადგილზე დღემდე არ დაწყებულა მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისად, საინვესტიციო პირობაც ჯერ შეუსრულებელია.

2022 წელს, ალექსანდრე ხარებავამ მოიგო აუქციონი და 10 წლიანი მართვის უფლება ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში, 15 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე განთავსებულ „აწყურის ბანაკზე“.საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შპს „აწყურის ბანაკი“ აუქციონამდე სამი თვით ადრე, 20 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიაში ალექსანდრე ხარებავა 80%–იანი წილის მფლობელია.

ალექსანდრე ხარებავას ძმის, თენგიზ ხარებავას სახელია დაკავშირებული „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებთან. ალექსანდრე ხარებავა და მისი ძმა, თენგიზ ხარებავა ბიზნესპარტნიორებიც არიან.

ალექსანდრე ხარებავას ძმის ოჯახს, სახელმწიფომ ბორჯომში, რუსთაველის N81-ში 3 307 კვ.მ. მიწა, სადაც ადრე სკოლის შენობა იდგა, 2 მლნ. ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით, 1 ლარად გადასცა. მიუხედავად ვალდებულებისა, აღნიშნული ინვესტიცია დღემდე არ განხორციელებულა. ტერიტორია შპს „თემა ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ბორჯომის მერიას ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 17 სართულიან, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობის ნებართვას სთხოვს.

მთა აღარ გვაქვს, წაგვართვეს– ასპინძელები საძოვრებზე

ის, რომ გასულ წლებში, სოფლის მოსახლეობისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი სამთო საძოვრების დიდი ნაწილი გაიყიდა, ადგილობრივებისთვის კარგადაა ცნობილი. ამას ადგილობრივების ნაწილი კერძო პირების ინტერესებით ხსნის, ნაწილი კი მოსახლეობის პასიურობით. ასპინძის მთაში, საძოვრების შესახებ ღიად საუბრისგან ბევრი ადგილობრივი თავს იკავებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ღიად დააფიქსირებენ მათ კრიტიკულ აზრს, შესაძლოა პრობლემები შეექმნათ.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ 2024 წლის სტატისტიკით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 10,6 ათას ადამიანს შეადგენს. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიმდინარე წლის მონაცემებით კი, საარსებო შემწეობას 888 პირი იღებს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 8%–ზე მეტი სოციალურად დაუცველია. ასევე, მოსახლეობის 20%–ზე მეტი (2 176 ადამიანი) პენსიონერია.

სოფელში ამბობენ, რომ მოსახლეობა ხშირად საკუთარ პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს, მათ შორის ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რის გამოც შედეგი სახეზეა – სოფლების ნაწილმა საძოვრები დაკარგა.

„ყველანაირი მორიდების და ბოდიშის გარეშე ვიტყვი, რომ ამ გაღორებული მილიონერების გამო, ეს დარგი ისე ჩავარდება, რომ მოსახლეობა აღარ შეინახავს საქონელს. ალბათ გააქირავებს ხარებავა კახეთიდან ჩამოსულ მეცხვარეებზე. რამდენიმე სოფელი ადის მთაში, მაგრამ ისინიც შეზღუდულები არიან იქ. მთა ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფართობი გაიყიდა. ადგილობრივებმა იყიდეს, მერე გასხვისდა, მერე კიდევ და ასე… მოსახლეობის გარკვეული პასუხისმგებლობაც იყო, რომ მოგროვებულიყო ხალხი და რაღაც ფართობი აეღოთ და შეენარჩუნებინათ. ის, რომ სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აჰკიდო, ესეც არ არის“,–ამბობენ სოფელში.

დასაქმების, საძოვრების არარაციონალურ გამოყენებასა და სოფლის მეურნეობის დარგის პრობლემებზე საუბრობენ სოფელ ტოლოშშიც. აქ ფიქრობენ, რომ კერძო პირების და კომპანიების ხელში არსებულ დიდი ზომის მიწებს ადგილობრივებისთვის რაიმე სარგებელი არ მოაქვს. არც ტოლოშში არ სმენიათ ალექსანდრე ხარებავას შესახებ.

„ჩვენთან, თუ ვინმე მოინდომებს პატარა ბიზნესის გაკეთებას, ჩვენს სოფელს არ აქვს პრობლემა, ერთმანეთში დალაგებულები ვართ. სხვა სოფლებს, კერძო პიროვნებებს, ვისაც ჰექტრობით აქვს მიწა, იქ შეიძლება დარჩა ვინმე უმიწოდ და უსაძოვროდ. შეიძლება იმან არ შეუშვას, იმიტომ რომ თავისია, გაფორმებული აქვს და თვითონ იხდის მიწის გადასახადს. ის არ შეუშვებს არავითარ შემთხვევაში სხვას. სოფელში შემოსავლის წყარო საქონელია და ვინმე თუა გასული ქვეყნის გარეთ იქიდან თუ აწვდიან ოჯახს იმით თუ არსებობენ, თორე სხვა არაფერი. აქ სახნავი და სათესი ბევრი არ გვაქვს. 20 მეასედი, თავი–ბოლო, რომ დაამუშაო და რამე მოიყვანო ოჯახისთვის (საკვებად). შენ რომ რეალიზაცია გაუკეთო და გაყიდო და ფული ნახო, ესეთი მიწები ჩვენთან არ არის“,–ამბობს სოსო დავლაშელიძე.

დიდი ზომის ფერმების და ბიზნესების მეპატრონეებთან წლებია ტოლოშელებს უთანხმოება აქვთ. ათიათასობით სული პირუტყვი, საზაფხულო საძოვრებზე ტოლოშის გავლით აჰყავთ. გარდა ანტისანიტარიისა, სოფელში საძოვრების არასწორ გამოყენებაზეც საუბრობენ. ამ თემაზე, ტოლოში აქციაც არაერთხელ გამართულა.

„მოსახლეობის ალბათ 50%–ს აღარ ჰყავს საქონელი. საძოვარი (სოფელი ტოლოშისთვის) არის საკმარისი, მაგრამ ცხვარი რომ ჩამოდის, ყველა სოფელმა თავისი მთები მიაყიდა თუ მიაქირავა. მთელი ცხვარი ჩვენს სოფელზე გადის, ამ საძოვრებსაც სულ აოხრებს, სათიბებშიც შედის. არ უფრთხილდებიან. ჩვენი სიტყვა არსად არ გადის. ხალხი გაიქცა, საზღვარგარეთ წავიდა. უმუშევრობის გამო მიდიან. აქაური ხელფასით ან ორი ძროხით ვერანაირად ვერ შეინახავ ოჯახს“,–ჰყვება ზაზა ხმალაძე.

სოფელში არ ახსენდებათ შემთხვევა, როცა მთაში სხვა რეგიონიდან ჩამოსულ ფერმერებს ადგილობრივი ჰყოლოდათ დასაქმებული. ხშირად პირუტყვი ადგილობრივების ნათესებს და სათიბებსაც აფუჭებს. აქ ჰყვებიან, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა მოსახლეობის შენიშვნის გამო, მწყემსებსა და პირუტყვის მეპატრონეებს პოლიციაში დაურეკავთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად თავს იკავებენ გაპროტესტებისგან, რადგან რომ ეშინიათ, რომ დაიჭერენ. ისინი ვარაუდობენ, რომ პირუტყვის მეპატრონეებს დიდი გავლენები და სანაცნობო წრე ჰყავთ.

„ხალხმა საქონელი იმიტომ გაყიდა, რომ არ აქვთ საძოვრები და სათიბები. თივა ვერ მოგვაქვს იმდენი, რომ საქონელს ეყოს (გამოსაზამთრებლად). კიდევ ერთი რთული პრობლემა გვაქვს. 36 წელია რაც რძალი ვარ აქ. ამ ტრასაზე დადის ცხვარი, რომელიც გვიბინძურებს ქუჩებს. ბავშვები ვერ გამოგვიყვანია გარეთ საღამოს, რომ გავასეირნოთ. სულ ჩაბინძურებულია. ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება. არ ვიცი როგორ შეიძლება დალაგდეს მდგომარეობა ისე, რომ ჩვენც დავწყნარდეთ, არ დაგვიბინძურონ გზა, საძოვრები და სათიბები გვქონდეს და ა.შ.“,–ამბობს ადგილობრივი მანანა ბერიძე.

საძოვრების საკითხზე საუბრობენ სოფელ აწყვიტაშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისეთ სოფლებში, სადაც დასაქმების პერსპექტივა, გარდა სოფლის მეურნეობაში ჩართვისა, სხვა არ არსებობს, მიწებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია.

„სოფლის გარშემო ტერიტორიები რაც არის, ყველას გაზომილი აქვს, ვის რა აქვს. სოფელს აქვს ტერიტორიებიც, რომელიც ჯერ არ არის გაყიდული და საძოვრებად ვხმარობთ. ერთეულების ხელში არ უნდა ჩავარდეს მიწები. სახელმწიფოც ყიდის მიწებს. ზოგადად, ისეთი რომ ყიდულობს, მაგალითად ხარებავა, არავინ არ იცნობს, თბილისში ზის და მისდის ფული… რაც მეტი ფული აქვთ, მეტი უნდათ. არაფერი სარგებელი არ აქვს სოფელს“,–გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი.

ასპინძის სოფლებში, მოსახლეობასთან საუბრისას, ყველა აღნიშნავს, რომ გარდა შემცირებული საძოვრებისა, პრობლემაა მათი რაციონალური გამოყენებაც. კახეთის რეგიონიდან, ყოველწლიურად, ათიათასობით სული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი (ძირითადად ცხვარი) გადმოჰყავთ ფერმერებს ასპინძის მთის საზაფხულო საძოვრებზე. რიგ შემთხვევებში, ტერიტორიებს კერძო პირები, ან კომპანიები აქირავებენ მათზე. იჯარით გასცემს ტერიტორიებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია და “მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ამჟამად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას 1100 ჰექტარზე მეტი  საძოვარი/სათიბი/სახნავი ტერიტორია აქვს იჯარით გაცემული.

“მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ“ ასპინძის მუნიციპალიტეტში, იჯარით გასაცემად, მეთერთმეტე ეტაპზე სამი მიწა გამოიტანა.