2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება – რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა

2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება – რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა

წელს პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება. რა იცვლება საარჩევნო კოდექსში და რა უნდა გაითვალისწინოს ამომრჩეველმა კენჭისყრის უბანზე. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვებს, „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი პასუხობს.

1. რით განსხვავდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა წლებისგან?

გადავდივართ სრულად პროპორციულ სისტემაზე, პარლამენტის არჩევნებისათვის საქართველო არის ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი და პარლამენტის 150 წევრი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში.  საარჩევნო უბანში მისული ამომრჩეველი მის ნებას, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს დაუჭიროს მხარი, პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით გამოხატავს.

2. რადგან მაჟორიტარული სისტემა უქმდება, როგორ განისაზღვრება რეგიონული კვოტა? მაგალითისთვის, რამდენი დეპუტატი შევა სამცხე–ჯავახეთიდან პარლამენტში?

ადრე, პარალელური სისტემის ფარგლებში, პროპორციული სიის არჩევასთან ერთად,  ამომრჩეველი საარჩევნო  ოლქის მიხედვით ირჩევდა მაჟორიტარს. მაგ: 2020 წლის პარლამეტნის არჩევნებზე: ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები იყო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და ამომრჩეველმა სწორედ ამ ოლქებში ნომინირებულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი. ახლა პარტიები თვითონ განსაზღვრავენ პარტიულ სიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანია და არჩევნების შედეგების მიხედვით გაირკვევა, რომელ პარტია რამდენ მანდატს აიღებს და  რამდენ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში.

3. იცვლება თუ არა ბარიერი?

2020 წელს  პარტიებს 1%–იანი ბარიერი უნდა გადაელახათ, ახალი საარჩევნო კოდექსით 5%–იანი ბარიერია დადგენილი. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მანდატების დადგენას, მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150–ზე და იყოფა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%–ი მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150–ზე ნაკლები იქნება,  გაუნაწილებელი მანდატები თანმიმდევრობით გადანაწილდება, იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებსაც საუკეთესო შედეგები აქვთ.

4. რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომელიც ელექტრონული სისტემით აძლევს ხმას. რა შეიცვალა და რა რჩება უცვლელი?

იმ უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ტარდება, ამომრჩეველს, ერთიანი სამაგიდო სიის ნაცვლად დახვდება ვერიფიკაციის აპარატი.  რეგისტრატორი ამომრჩევლიის იდენტიფიცირების მიზნით, მის აიდი ბარათს, ან ბიომეტრიულ პასპორტს გაატარებს აპარატში და მონიტორზე ამოვა კონკრეტული ამომრჩევლის პირადი მონაცემები.

მას შემდგომ რაც დადასტურდება, რომ ეს ამომრჩეველი ამ კონკრეტულ უბანშია რეგისტირებული, აპარატიდან რეგისტრატორი ამობეჭდავს  პატარა ქვითარს, რომელსაც ამომრჩეველი ხელს მოაწერს, აღნიშნული ქვითრის საფუძველზე გასცემენ ბიულეტენსაც. ელექტრონულად, ე.წ. ხმის დამთვლელი სკანერის მიერ  მოხდება ხმის დათვლაც (ბიულეტენის სკანერში გატარებით), რაც შედეგის შეჯამების და წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროს შეამცირებს.

ხმის მიცემის დროს, ამომრჩეველმა შემოხაზვის ნაცვლად, სასურველი სუბიექტის გასწვრივ დასმული წრე უნდა გააფერადოს.  სხვა შემთხვევაში ხმის დამთვლელი აპარატი ვერ აღიქვამს არჩევანს და ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი.

დახურული კონვერტები აღარ არის. კაბინაში ბიულეტენის გაფერადების შემდეგ, ამომრჩეველს უბანში ხვდება ჩარჩო კონვერტი, რომელშიც მოათავსებს ბიულეტენს, მიიტანს აპარატთან და შეაცურებს. კონვერტს კი იქვე ტოვებს. თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა ბიულეტენი, მას შეუძლია ახალი მოითხოვოს. გაფუჭებული ბიულეტენი კი რეგისტრატორთან რჩება, როგორც აქამდე იყო.

განმეორებით ხმის მიცემის თავიდან აცილების მიზნით, მარკირება ისევ რჩება.

5. ქვეყნის მასშტაბით, ზოგიერთ უბანზე  ამომრჩევლები ხმას ძველი წესით მისცემენ, რატომ?

ელექტრონული საშუალებებით არჩევნები არ ტარდება შემდეგ უბნებზე:

  • სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში;
  • გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;
  •  ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

იმ უბნებში, სადაც ელექტრონული არჩევნები არ ტარდება, ბიულეტენების გაციფრულება უნდა მოხდება. რაც ნიშნავს, რომ ელექტრონული ფორმატით მოხდება ატვირთვა კენჭისყრის დღიდან  2 დღის ვადაში და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენები  ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვოდმი იქნება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში.

6. ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ გადასატანი ყუთით სარგებლობის შემთხვევაში  და რა საბუთებია საჭირო წარსადგენად?

გადასატან ყუთთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ძირითადი ცვლილებები არ შესულა.  გაიზარდა მხოლოდ ვადები:

მოქალაქეები, რომლებიც ვერ მოახერხებენ საარჩევნო უბანზე  მისვლას, უნდა  მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას – იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელშიც რეგისტრირებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს 11–ე დღისა.

7. როგორ შეძლებენ ხმის მიცემას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები?

საზღვარგარეთ უბნებში არჩევნები ძველი, ტრადიციული წესით ჩატარდება. რაც შეეხება სიებში რეგისტრაციას, გარკვეული ვადები და პროცედურებია განსაზღვრული. კერძოდ: შემდეგი ფორმატებია ამომრჩევლებისთვის დადგენილი –  საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლები, ამომრჩევლები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე და აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე , არ არიან რეგისტრირებულები მაგრამ არჩვების დღემდე არაუგვიანეს მეცხრამეტე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ უბნებში.

უბნები იქმნება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

8. შესაძლებელია თუ არა ელექტრონული არჩევნების გაყალბება?

დღეს არსებული სიტუაციის და “რუსული კანონის” ამოქმედებით, დიდი კითხვის ნიშნებია, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და  რამდენად ლეგიტიმური იქნება.

„რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში „აგენტები“ დაერქმევათ მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლებს, რადგან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, ააიპ–ების იურიდიული ფორმით რეგისტრირდებიან. მათი საქმიანობა სტრატეგიული პარტნიორების (ა.შ.შ. EU და სხვა ) მიერ არის მხარდაჭერილი, რომლებიც ზრუნავენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაზე.  ამიტომაც, ამ კანონის ამოქმედებით, მათ შორის საფრთხე ექმნებათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს  და მათ საქმიანობას.

ერთ–ერთი არგუმენტი, როცა რუსულ კანონზე ვმსჯელობთ, არის სწორედ ის, რომელიც ეხება კრიტიკული აზრის, განსხვავებული მოსაზრებების  ჩაახშობას, როგორც რუსეთმა გააკეთა, როდესაც გააქრო თავისუფალი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პრობლემებზე, კორუფციაზე  მიუთითებდნენ სახელმწიფო უწყებებს.

ამ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება და მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და არ დაისვას ლეგიტიმურობის საკითხი. როგორ მოხდება საარჩევნო – პოლიტიკური პროცესების შეფასება?, წინა საარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის შეფასება? თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ადგილობრივი და საერთაშორისოც) აგენტებად და უცხო ძალად გამოცხადდება?. ერთ შემთხვევაში თუ ასეთი ორგანიზაციები აღარ იარსებებენ და მეორე ვთქვათ ვიღაცამ გადაწყვიტა და დაიწერა „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტია“ და საქმიანობას უცხოური დაფინანსებით ახორციელებს, რამდენად სანდო იქნება მისი ანგარიში საზოგადოებისთვის?, შემდგომ ხელისუფლების მხრიდან დისკრედიტაცია  და პროპაგანდა სწორედ აგებული იქნება იმაზე რომ აი ნახეთ უცხო ქვეყნის აგენტები მიგვითითებენ შეცდომებზე, დარღვევებზე. რომ მათი  შეფასებები სანდო არ არის  და ა.შ. ეს რა თქმა უნდა საფრთხეს შეუქმნის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში ჩატარებას.

9. როგორ მოხდება პრეზიდენტის არჩევა?

კანონმდებლობაში განისაზღვრა, რომ პრეზიდენტს 5 წლით ვადით ღია კენჭის ყრით  საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგია შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისგან, ასევე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი წარმომადგენლებისგან და საკრებულოების, მუნიციპალიტეტების შესაბამისი წარმომადგენლებისგან. საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს კვოტას, რის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

10.პროპორციული სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარები

საარჩევნო სისტემები ორ ძირითად − მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემების ოჯახებად იყოფა.

პროპორციული საარჩევნო სისტემების ოჯახი – პროპორციული საარჩევნო სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, თუ როგორ აძლევს ხმას ამომრჩეველი; მთელი ქვეყანა ერთი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქია თუ რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად არის დაყოფილი, როგორია საარჩევნო ზღურბლი და როგორ ნაწილდება მანდატები პარტიებს შორის.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ძირითადი სახეობებია: – სიითი პროპორციული წარმომადგენლობა (List PR); – ერთი გადაცემადი ხმის სისტემა (STV).

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სიითი პროპორციული წარმომადგენლობა (List PR) არის განსაზღვრული საარჩევნო კოდექსით.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს საარჩევნო ზღურბლის (ბარიერის) მნიშვნელობა.

სიითი პროპორციული წარმომადგენლობის (List PR) დროს იქმნება ერთი მრავალმანდატიანი ოლქი (ქვეყნის მასშტაბით). ამომრჩეველი ხმას აძლევს ერთ პარტიულ სიას (პარტიას). გამარჯვებულად მიიჩნევა ის ერთი ან რამდენიმე პარტია, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ბარიერგადალახული პარტიები მანდატებს მიღებული ხმების პროპორციულად მოიპოვებენ.

საქართელოში, დიდი ხანი მიმდინარეობდა დისკუსია და საზოგადოების მოთხოვნა საარჩევნო სისტების ცვლილებისთვის, ვინაიდან შერეული სისტემა (მაჟორიტარული+პროპორციული)  და მისი მანკიერი პრაქტიკა საქართველოში, ვერ უზრუნველყოფა პროპორციულ წარმომადგენლობას.

ზოგადად, პროპორციული სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეებია:

დადებითი მხარეები: უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე მოსახლეობის სამართლიანი წარმომადგენლობის არჩევა. სახელდობრ, პარტიის მიერ მოპოვებულ მანდატთა რაოდენობა მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციულია; „დაკარგული“ ხმების რაოდენობა ძალიან მცირეა; პარტიას შეუძლია პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა.

უარყოფითი მხარეები: ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობის გარკვევა. გადაწყვეტილებას იგი, ჩვეულებრივ, პარტიის ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი, არცთუ იშვიათად, არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა (ასეთი მდგომარეობა ე.წ. „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი); იმ პირობებში, როდესაც პარტიების  მოწყობა საკმაოდ ხშირად არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელები (და არა პარტიის წევრები) ადგენენ. ამიტომ არსებითია შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და პარტიებში წევრთა რეკრუტირების-დაწინაურების, კანდიდატთა ნომინირების სამართლიანი სისტემა არსებობდეს.