პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, 70-მდე განცხადება/შეტყობინება შევიდა. მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.
“ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განცხადებებსა და შეტყობინებებში მითითებულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჭიროების გათვალისწინებით, საკითხის დაზუსტების მიზნებისთვის, შესაბამის პირებთან განხორციელდა უკუკავშირი და ინფორმაციის მოძიება/დაზუსტება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დაუდგენელი პირები, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ თუ “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე წავლენ, პრობლემები შეექმნებათ.
მსგავსი ზარები ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში კანონის წინაღმდეგ საკუთარ აზრს აფიქსირებენ.