საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი 1 858 ლარს შეადგენს

საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი 1 858 ლარს შეადგენს

ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი 1 858 ლარს შეადგენს. საცხოვრებელი ხელფასი Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები.

საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.

“საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“. საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს.

საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა დამოკიდებული იყოს საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს.

საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა,“ – ნათქვამია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.