ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც საერთაშორისო სტატუსი მიიღო/დაკარგა

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც საერთაშორისო სტატუსი მიიღო/დაკარგა

საქართველოში არსებული 4 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა, ერთს კი ჩამოერთვა. შესაბამის განკარგულებებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ხუთივე კომპანიის საქმიანობის სფერო IT-ია. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ჩამოერთვა „ჯორჯიან დატა სოლუშენს“, ხოლო სტატუსი მიენიჭა შემდეგ კომპანიებს: „სტჯ აპპსს“, „სიარეს საქართველო“, „ლინკენ სოფტ გროუფს“ და „აიტი ლაბ ჯორჯია“.

სამეწარმეო რეესტრში არსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული კომპანიებიდან მხოლოდ ერთის წილის მფლობელია საქართველოს მოქალაქე. უფრო კონკრეტულად, კომპანიის მესაკუთრეების ვინაობა ასე გამოიყურება:

„ჯორჯიან დატა სოლუშენი“ – რეგისტრირებულია 2023 წელს, მისი დირექტორი ნიკა სონღულაშვილია, ხოლო 100%-იან წილს ლატვიაში დაფუძნებული შპს „სმაილ ჰოლდინგი“ ფლობს.

„სტჯ აპპსს“ – რეგისტრირებულია 2022 წელს, მისი დირექტორი აკაკი დავლიანიძეა, ხოლო სრული წილის მფლობელი კვიპროსში დაფუძნებული შპს „სოფტეკო გრუფ“.

„სიარეს საქართველო“ – დარეგისტრირდა 2022 წელს, მისი დირექტორი აშშ-ის მოქალაქე მაიკლ კენეთ ჯონსია. რაც შეეხება წილებს, სრულად ამერიკული კომპანია „ქომბაინდ რეშიო სოლუშენსი“ ფლობს.

„ლინკენ სოფტ გროუფს“ – 2022 წელს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი ბელარუსის მოქალაქე დზმიტრი პეჰაუა. წილების მესაკუთრეების რაოდენობა ასე გამოიყურება: დზმიტრი პეჰაუ (ბელარუსი) – 26%; ალიაკსანდრ დაუჰავეჩნი (ბელარუსი) – 29%, პაველ კჰამიაკოუ (ბელარუსი) – 45%.

„აიტი ლაბ ჯორჯია“ – 2023 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, მისი დირექტორი ქეთევან მეფარიშვილია, ხოლო მესაკუთრე შპს „აიტი ჰაბ ტვინო“. თავის მხრივ ეს უკანასკნელი 2019 წელს არის დარეგისტრირებული და მისი მესაკუთრე ნანა ფანცხავაა.

ცნობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო კომპანია არის ქართული საწარმო, რომელიც ახორციელებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობას და იღებს შემოსავალს მხოლოდ დასაშვები საქმიანობიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოეთში დაარსებულ კომპანიებს აქვთ საშუალება ბიზნესი საქართველოში დაიწყო და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსიც. საქმიანობის სფერო უნდა იყოს ან IT ან საზღავო გადაზიდვები.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022-2023 წლებში IT სექტორში დასაქმება მკვეთრად გაიზარდა, თუმცა მათი უმეტესობა უცხოელი იყო. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2023 წელს სექტორში დასაქმებული 30 200 ადამიანიდან 70-75% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამასთანავე, საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს. საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიას აქვს საშუალება შეღავათების ფარგლებში საქმიანობა ექსპორტზე გაიტანოს. მაგალითად, 2023 წელს, IT სექტორის მთლიანი შემოსავალი საქართველოში 1.94 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც 1.77 მილიარდი მხოლოდ IT სერვისების ექსპორტიდან იქნა მიღებული.

BPN