სომხეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას

სომხეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას

4 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია განიხილა. რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების შინ დაბრუნებაზე მხარი 103–მა ქვეყანამ, მათ შორის ისტორიაში პირველად, სომხეთმა დაუჭირა. სომხეთის გარდა, დოკუმენტის მხარდამჭერები არიან მეზობელი აზერბაიჯანი და თურქეთიც. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და თავი შეიკავა ჩინეთმა, რომელიც ხელისუფლების თქმით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ზიმბაბვემ, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ და სირიამ.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რეზოლუციას ჯამში მხარი 103–მა ქვეყანამ დაუჭირა, 9 ქვეყანამ მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 52–მა კი თავი შეიკავა, რაც იმას ნიშნავს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს.