ახალციხის საკრებულოს დეპუტატის და თავმჯდომარის მოადგილის, ამბარცუმ ბაბოიანის მეუღლემ, საოჯახო ოქროს სამჭედლოს განახლებისთვის ევროპული გრანტი მიიღო. დეპუტატი ოქრომჭედელია და როგორც თავად ამბობს, სამსახურის დასრულების შემდეგ, სახელოსნოში მუშაობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლი ფიქრობს, რომ ამბარცუმ ბაბოიანის საქმიანობა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნებს აჩენს. ბაბოიანი ერთ–ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ „რუსულ კანონს“ მხარს უჭერს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ამბარცუმ ბაბოიანის მეუღლე ინდ. მეწარმეა. მან 10 000 ევრომდე გრანტი შვეიცარიული ორგანიზაცია „Heks–Eper საქართველოდან“ მიიღო. დეპუტატის განმარტებით, „ბაბოიანის საიუველირო ბუტიკმა“ აქტიურად მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო.
Heks/Eper შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესიის ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნებს სიღარიბესთან და უსამართლობასთან ბრძოლაში ეხმარება, ასევე მხარს უჭერს ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას.
ამბარცუმ ბაბოიანი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ “რუსულ კანონს”. კანონი „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელად“, აგენტად აცხადებს ყველა ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსების 20%–ზე მეტს უცხოეთიდან იღებს.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობდა დეპუტატი კანონზე იმის გათვალისწინებით, რომ მისი ოჯახის წევრმა სახელოსნოს განახლება სწორედ უცხოური დაფინანსებით მოახერხა. ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი და თავისუფალი ორგანიზაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსურ მხარდაჭერას აშშ–დან და ევროპის ქვეყნებიდან იღებს.
„რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ევროპისკენ მივდივართ. ჩვენი ევროპელი მეგობრების გრანტი გვაქვს აღებული 10 000–მდე ევრო. (ოქროს სამჭედლოსთვის) შევიძინეთ ის დანადგარები, ლაზერული სკანერი, რომელსაც ჩემი მეუღლე ამუშავებს. ეს კანონი ჩვეულებრივი კანონია, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს მიღებული. ეს კანონი თუ ვიღაცებს უნდათ რომ სხვანაირად გაიგონ…რა კანონიც მთავრობამ მიიღო, ამით ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია და აჩვენოს რასაც აკეთებს და არ მგონია, რომ ეს არანორმალური კანონი იყოს, ნორმალურია. მომავალი წლის დეკლარაციაშიც ყველაფერს შევავსებ, დასამალი არაფერი მაქვს და მგონია, რომ ყველასთან უნდა იყოს ღია“,–აცხადებს ის.
„ბაბოიანის საიუველირო ბუტიკში“ ოქრომჭედლად თავად დეპუტატიც არის დასაქმებული. როგორც იგი ამბობს, სახელოსნოში საჯარო სამსახურში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მუშაობს.
„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა გაერკვია, ირღვევა თუ არა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ ახალციხის ოფისის კოორდინატორის, თამუნა უჩიძის თქმით, ამბარცუმ ბაბოიანის სახელოსნოში მუშაობა აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა ძირითად საქმიანობას თავად ეწეოდეს, საწარმო კი მისი მეუღლის სახელით მუშაობდეს.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, მე-13 მუხლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში. ასევე, უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, ან თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა.
რთულია ზღვრის დადგენა ხელოვნებასა და ხელოსნობას შორის. მთავარი კითხვის ნიშანი არის ის, რეალურად თავად ხომ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას დეპუტატი და ფორმალურად ხომ არის გაფორმებული მის ცოლზე“,–აცხადებს თამუნა უჩიძე.
ამბარცუმ ბაბოიანი აცხადებს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს არ არღვევს.
„მე ოსტატი ვარ და ხელოსნობა ჩემი ჰობია. ისე, ხელოსნობა, ექიმობა, მასწავლებლობა შეიძლება (როცა თანამდებობის პირი ხარ). მე არ ვყიდი (ნამუშევრებს), მხოლოდ ხელოსანი ვარ, მეუღლეს ვეხმარები. კანონს არ ვარღვევ. ახლა გავხსენით სამჭედლო ოფიციალურად. ჩემს მეუღლეს აქვს გრანტი. მე რომ საჯარო მოხელე ვარ, ჩემზე არ შეიძლება (მეწარმეობა) და მეუღლის სახელზეა. ამას ვაკეთებ საჯარო სამსახურში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ“,–ამბობს იგი.
ამბარცუმ ბაბოიანი წლებია საჯარო სამსახურში მუშაობს. დღემდე დაუდგენელი მიზეზით, 2020 წელს მას ავტომობილი დაეწვა, 2022 წელს კი საცხოვრებელი სახლი. დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარი მიზეზით, გამოძიება დღემდე ჭიანურდება. შემთხვევის გამო, იგი დღემდე ქირით ცხოვრობს: „სახლი დამეწვა. კიდევ კარგი, ეს გრანტი გვაქვს, რომ ამით ვიარსებოთ. ხუთი არასრულწლოვანი ბავში მყავს და დღემდე ქირით ვცხოვრობთ“.