რატომ ძვირდება ოქრო?

რატომ ძვირდება ოქრო?

2024 წლის მაისში ოქრო 1.8%-ით გაძვირდა. ამასთან, ძვირფასი მეტალი თავის აღმასვლას განაგრძობს და თვის განმავლობაში ახალ რეკორდულ ნიშნულს – 2,400 დოლარსაც გადააჭარბა.

როგორც „გალტ&თაგარტის“ მომოხილვაშია აღნიშნული, განგრძობითი ზრდა ინვესტორებს არწმუნებს, რომ მიზეზები ტრადიციულ ფაქტორებზე, კერძოდ, რისკებისა და ინფლაციის ჰეჯირებაზე მეტია. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მათ კვლავ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, ამ ეტაპზე, მეტი გავლენა ცენტრალური ბანკებისა და საცალო ინვესტორებიდან მომდინარეობს.

კერძოდ, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკების მოთხოვნა კვლავ მაღალია. 2022 წლის მე-3 კვარტლიდან მათმა ჯამურმა შესყიდვებმა 2,200 ტონა შეადგინა, რაც დღევანდელი ფასებით $170 მლრდ-ს უდრის.

„ჩინეთის ცენტრალური ბანკი ლიდერობას ინარჩუნებს და უკვე ზედიზედ მეთვრამეტე თვეა, რაც მეტალის შესყიდვას განაგრძობს. შედეგად, მის რეზერვებში ოქროს წილი 2022 წლის 3%-დან 5%-მდე გაიზარდა. რიცხვების უკეთ აღსაქმელად, ჩინური რეზერვების 1%-ის ღირებულების ოქრო, გლობალური მიწოდების 9%-ს უდრიდა 2023 წელს. ძვირფასი მეტალი პოპულარულია საცალო მომხმარებლებშიც. ფასების ზრდასთან ერთად, მაღაზიათა ქსელმა Costco-მ ოქროს პატარა ზოდების გაყიდვა დაიწყო – მოხმარებელს შეუძლია სხვადასხვა პროდუქტების ყიდვისას ინვესტიციაც გააკეთოს და ხელს ოქრო გააყოლოს. Wells Fargo-ს მიხედვით, ყოველთვიურად Costco დაახლოებით $200 მლნ-ს ღირებულების ოქროს ყიდის. მიუხედავად ამისა, დაბალი ლიკვიდურობის გამო ინვესტირების ეს გზა შედარებით ნაკლებად მოთხოვნადია. აღსანიშნავია, რომ ლეგალური ვაჭრობის გარდა, მზარდია ოქროს შავი ბაზარიც. SwissAid-ის კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით $35 მლრდ-ს ღირებულების ოქრო გადის აფრიკიდან არალეგალურად, მათი უმეტესობის დანიშნულების ადგილი კი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. კვლევის მიხედვით, 2022 წელს 435 ტონა აფრიკული ოქრო გაიყიდა შავ ბაზარზე, რაც კონტინენტის მოპოვების 40%, ხოლო გლობალური მიწოდების 12%- ია“,- ნათქვამია მიმოხილვაში.

BPN