ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 აპრილს, 31 წლის თორნიკე დალაქიშვილი დაიკარგა. ოჯახი დაკარგულთან დაკავშირებას ერთ თვეზე მეტია ვერ ახერხებს. ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოებში შსს არის ჩართული. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
თორნიკე დალაქიშვილის დის, თეკლა დალაქიშვილის ინფორმაციით, იგი წალკაში მუშაობდა. ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შემდეგ, ფარავნის ტბასთან ახლოს, ტყეში ნაპოვნია მისი ნივთები.
„ნაპოვნია ტყეში მისი ნივთები, გადაუარეს ტყეს ძაღლებმა, მაშველებმა და იქ არ არის. ასევე შემოწმდა გარშემო წყალსაცავები მყვინთავების მიერ. ძაღლმა კვალი აიღო და ჩავიდა მიმდებარე სოფელში ავტობუსების გაჩერებაზე. გაჩერებაზე არ არის კამერები. იქიდან შეიძლება წასულიყო ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, ამიტომ არ ვიცით კონკრეტულად სად ვეძებოთ“,–წერს ის სოციალურ ქსელში.
თეკლა დალაქიშვილის თქმით, მისი ძმის დაკარგვის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.
„არ თამაშობდა, არ ჰქონია ვალი, არ ყოლია მტერი, არ ჰქონია არავისთან არანაირი კონფლიქტი. („რუსული კანონის“ წინააღმდეგ) აქციებზე დადიოდა დაკარგვამდე წინა კვირას, დაკარგვის კვირაში ვერ, მუშაობდა ამიტომ დარწმუნებით ვიცით რომ არაა აქციიდან აყვანილი. ბოლოს ველაპარაკე კვირას გაუჩინარებამდე და იყო ძალიან დეპრესიულ განწყობაზე. იმედგაცრუებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იყო ძალიან დაღლილი. დამალვის ვერსია აქვს პოლიციას რადგან აღმოჩნდა რომ სახლიდან აქვს გატანილი ლეპტოპი, კინდლი, ასევე ვერ ვიპოვეთ რამდენიმე მაისური. არის ვერსია რომ განმარტოებულია მონასტერში, აქტიურად დავდივართ და ვრეკავთ სხვადასხვა მონასტრებში მისი ამბის მოსაკითხად. გთხოვთ თუ მონასტერში მოგიწიათ გავლა ამ დღეების განმავლობაში გაამახვილეთ ყურადღება, იქნებ სადმე დაინახოთ“,–ამბობს იგი.
დაკარგულის ოჯახი ვარაუდობს, რომ თორნიკეს საზღვარი არ გადაუკვეთავს, რადგან შესაბამისი დოკუმენტები მას სახლში აქვს დატოვებული.
დაკარგული თორნიკე დალაქიშვილის შესახებ რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუკავშირდით დედას ნომერზე: 577 74 85 38