2024 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 64.4%–ით შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 64.4%–ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%–ით ნაკლებია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2022-2024 წლებში.

პირველ კვარტალში ქვეყანაში 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო, კლება 365 მლნ დოლარია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი – 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება სექტორებს, წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორმა მოიზიდა 78.7 მლნ დოლარი. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობა – 39.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზეა ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით.