ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
შსს–ს განმარტებით გამოძიება სსკ–ის 187–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ცნობისთვის, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად სრულად დაიწვა შენობის სახურავი და მეხუთე სართულზე მდებარე რამდენიმე ბინა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ოჯახია დაზარალებული. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისია მუშაობს. ღია ცის ქვეში დარჩენილი ოჯახები ადგილობრივმა თვითმმართველობამ დროებით სასტუმროში განათავსა.