ფოტო-ტბელ აბუსერიძე
დღეს, 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ, მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით აქცია გაიმართება. მოქალაქეები გაიხსენებენ საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას, რომელმაც პარლამენტში, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამი დაიკავა და სხდომა წაიყვანა. მომხდარს მაშინ მოქალაქეების და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა და მრავალათასიანი აქცია მოჰყვა. აქციის დროს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია მოქალაქეები. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„ვფიქრობთ, რომ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას.
2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება”მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ეროვნულ იდეებს)“,–წერია „დაფიონის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებისას, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დროს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი.
აქციას, 20 ივნისის დილას, წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსეთის ფედერაციის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და გავრილოვს სხდომის წაყვანის უფლება არ მისცეს.
მოგვიანებით, რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო “რადისონში” გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეებმა ისევ საპროტესტო აქცია გამართეს. სასტუმროს დატოვების დროს კი გავრილოვს სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ქვეყნის დატოვებიდან მალევე, რუსმა დეპუტატმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „არავის აძალებდა ბოდიშის მოხდას (მომხდარზე), მაგრამ თვლიდა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა“.
რუსი დეპუტატის მიერ მაღალი ტრიბუნის დაკავებამ საზოგადოების დიდი პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა განაპირობა. პარლამენტის წინ შეკრება-მანიფესტაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. აღნიშნულს სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით, აქციის დაშლა დაიწყო.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ სამი თვის განმავლობაში იმართებოდა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და გიორგი გახარიას გადადგომა იყო. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20–21 ივნისის აქციების დაშლის, „გავრილოვის ღამის“ საქმეზე მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) დარღვევა დაადგინა ეფექტიანი გამოძიების ნაწილში.
სასამართლომ საქართველოს მომჩივანთა სასარგებლოდ ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს 26-მა ქართველმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა 5 საქმით მიმართა. ეს საქმეებია: ბერიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, სვანაძე საქართველოს წინააღმდეგ, ცაავა და კმუზოვი საქართველოს წინააღმდეგ. საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3, მე-10, მე-11, მე-13, 34-ე მუხლების საფუძველზე შევიდა.