სამართალდამცავებმა 19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის საქმეზე თბილისში 3 პირი დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წერს NETGAZETI.
ინციდენტი თბილისში, ვარკეთილში, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში იყო მოთავსებული და დღეს, 21 ივნისს დაიღუპა. დაღუპულის ახლობელთა ცნობით, ახალგაზრდას ფიზიკურად ქუჩაში, შელაპარაკებისას, ე.წ. უბნის მაყურებლები გაუსწორდნენ და დაპირისპირებაში 3-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.
განახლება:
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — აცხადებს პროკურატურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.