ეკონომისტი ირაკლი ჟვანია აცხადებს, რომ ლარის ბოლო ორ დღეში გამყარება ტურისტული შემოდინებებისა და ფულადი გზავნილების მაღალ დონეს უკავშირდება.
“ტურისტული შემოდინებები, ფულადი გზავნილები მაღალ დონეზეა შენარჩუნებულია. მეტი ვალუტა შემოვიდა, ვიდრე მოლოდინი იყო. წინა გაუფასურებას ხელს უწყობდა ისიც, რომ რამდენიმე დღეში მოლოდინები გაუარესდა, ადამიანებმა ვალუტის დოლარში გადაცვლა და დანაზოგების დოლარში დაგროვება დაიწყეს. ამან რყევები გამოიწვია. არის ნიშნები, რომ ტურისტულმა სეზონმა ის ჩამორჩენები უზრუნველყოს, რაც ვაჭრობის და ინვესტიციების შემოდინების კუთხით გვაქვს”, – აღნიშნავს ირაკლი ჟვანია.
ამასთან, ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ ტურისტული შემოდინებები შემცირდეს, რასაც ქვეყანაში არსებული სიტუაცია განაპირობებს.
“ასევე არის მოლოდინი, რომ ტურისტული ნაკადი თუ სხვა შემოდინებები, შეიძლება, იმ მოლოდინების გამო შემცირდეს, რაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესებას უკავშირდება. საბოლოო სურათი წლის ბოლოს გამოჩნდება იმის მიხედვით, საითკენ წავა საქართველოს საგარეო კურსი”, – განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.
20 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0045 ლარი გახდა.