ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
როგორც “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” გვეუბნებიან, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა “ევექსში” გადაიყანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგიმარტეს, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კინიკაში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ველოდებით.
შენიშვნა: თავდაპირველად კომპანიაში გვთხრეს, რომ მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში გარდაცვალა, შემდეგ კი განმარტეს,რომ ეს იყო წყლის ჭა, სადაც ჩამკეტებს აკეთებდა.