2024 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 39 839 589 ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4 მლნ ლარზე მეტია. 2023 წელს ბიუჯეტში 37 420 072 ლარის აკუმულირება მოხდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე).
ამასთან, ზრდაა წლიურ მაჩვენებლებშიც. კერძოდ, ხაზინის ინფორმაციით, ბიუჯეტმა სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 141 171 147 ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ, როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 114 392 795 ლარი იყო.
ზოგადად, აზარტული თამაშობები ეს ის ბიზნესია, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. იზრდება როგორც მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხა, ასევე ამ ბიზნესის ბრუნვა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52.647 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 4.709 მლრდ ლარით, 2020 წელთან შედარებით კი 20.556 მლრდ ლარით მეტია. კერძოდ, 2021 წელს ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 47.938 მლრდ ლარს, 2020 წელს კი 32.091 მლრდ ლარს. მთლიანად კი გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 29% იყო. ცნობისათვის, 2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო 32%, 2020 წელს კი 28%. როგორი იყო ბრუნვის მოცულობა 2023 წელს, მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებს.