2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6 362 ერთეულით (13.0%) ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
საქსტატის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 40.0 პროცენტი და 11.6 პროცენტი.
ამასთან, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2023 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.