ჩინური ბანკები, რომლებიც რუსეთთან მუშაობას განაგრძობენ და იუანში ვაჭრობის მთავარი მოთამაშეები არიან, მოსკოვის ბირჟას აშშ-ის მიერ მისი დასანქცირების შემდეგ ტოვებენ. წერს bpn.ge
ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ საფონდო ბირჟის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთის ვალუტით ვაჭრობაში გარიგებების საშუალო მაჩვენებელი შესამჩნევად შემცირდა. კერძოდ, მაისთან შედარებით, ივნისში ეს მაჩვენებელი 14%-ით, 1,89 მლნ რუბლამდე (21,590 დოლარამდე) შემცირდა, რაც 2023 წლის თებერვლიდან ყველაზე დაბალი დონეა.
ამასთან, მკვეთრად გაიზარდა იუანის არასაბირჟო ბაზრის ბრუნვა და ივნისში, მაისთან შედარებით, 27%-ით მეტი, ანუ 1,98 ტრლნ რუბლის (22,6 მლრდ დოლარის) ღირებულების გარიგებები დაიდო. ასევე, შიდა დღიურ ბრუნვაში სამგზის რეკორდი დაფიქსირდა, რამაც დღეში 200 მლრდ რუბლს (2,3 მლრდ დოლარს) გადააჭარბა.
ეს ნიშნავს, რომ დოლარისა და ევროს შემდეგ, რომლებშიც ვაჭრობა 13 ივნისს შეწყდა, სავაჭრო ბირჟას იუანის ნაკადიც ტოვებს და არასაბირჟო ბაზარზე გადადის, ის ნაკადი, რომელიც რუსეთში ჩინეთში გაყიდული ნავთობისთვის მიედინება.
ბაზრის მონაწილეებს ჩინეთიდან, რომლებიც იუანის ლიკვიდობის მთავარი მიმწოდებლები არიან, აშშ-ის მეორადი სანქციები დაემუქრათ, რადგან მოსკოვის ბირჟა ნებისმიერი ოპერაციების აკრძალვით აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (Office of Foreign Assets Control-OFAC) SDN List-ში, ანუ სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებისა და ბლოკირებული პირების სიაში მოხვდა.
ივნისის ბოლოს რუსულმა საბროკერო კომპანია „სინარამ“ და Sberbank CIB-მა, რომელიც უმსხვილესი რუსული სახელმწიფო ბანკის საინვესტიციო შვილობილი კომპანიაა, მოსკოვის ბირჟიდან იუანის გატანის პრობლემების შესახებ განაცხადეს. ჩინურ ვალუტასთან ტრანზაქციებში დამატებითი სირთულეები Вank of China-ს მიერ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან მუშაობის შეწყვეტამ გამოიწვია.
„კონერსანტის“ სარისკო სცენარით, იუანით ვაჭრობა შესაძლოა, მთლიანად არასაბირჟო ბაზარზე გადავიდეს, რაც დამოკიდებული იქნება ჩინეთის ბანკების მზადყოფნაზე, იმუშაონ რუსულ ბირჟაზე.
Bloomberg-ს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ ბანკი უკვე ემზადება სცენარისთვის, როცა იუანში სავალუტო ვაჭრობა უნდა შეწყდეს, როგორც ეს დოლართან და ევროსთან დაკავშირებით მოხდა. არსებული პროგნოზით, ჩინეთის ბანკები მოსკოვის ბირჟასთან და სანქცირებულ ეროვნულ კლირინგ-ცენტრთან ოპერაციებს თანდათან შეწყვეტენ. წყაროს ცნობით, ეს აშშ-ის ზეწოლის შედეგად ხდება, რომელმაც მოსკოვის ბირჟა და მისი სტურქტურები, ეროვნული კლირინგ-ცენტრი, ასევე, ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი „შავ სიაში“ შეიყვანა და წერტილი დაუსვა 30 წელზე მეტი ხნის ეპოქას, როცა მოსკოვში თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოს ძირითად ვალუტებში მიმდინარეობდა.