ახალციხეში ავარია მოხდა, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და “ოპელის” მარკის ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, მას სწრაფად მოძრავი პოლიციის მანქანა უკნიდან დაეჯახა.
„ვუხვევდი, ციმციმა ჩართული მქონდა, ამ დროს სწრაფად მოძრავი პოლიციის მანქანა დამეჯახა და ამომაყირავა. მგზავრი მეჯდა მანქანაში სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, რადგან ქალმა თქვა, რომ თავის ტკივილი აწუხებდა“,– გვითხრა “ოპელის” მძღოლმა.
შსს–ს განმარტებით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. ჩვენს კითხვაზე, ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.
კომენტარზე უარი თქვეს ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმაც. მსუბუქი მანქანის მძღოლი კი ამბობს, რომ პოლიციამ დააჯარიმა და გასაჩივრებას აპირებს.