მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად მუნიციპალიტეტებისთვის 104.877.000 ლარი გამოიყო. რას გულისხმობს სალიკვიდაციო სამუშაოები და საკმარისია თუ არა თითოეული რეგიონისთვის გამოყოფილი თანხა, ამ საკითხებზე “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.
ინფორმაციას ავრცელებს bpn.ge
– შოვის, ნერგეეთისა და ოზურგეთის ტრაგედიებმა ბევრი რამ შეცვალა. შემუშავდა ღონისძიებების გეგმა, რა უნდა გაკეთდეს. კარგ პროგნოზებს იძლევა გარემოს ეროვნული სააგენტო, მობილიზებული არიან სამინისტროს სამსახურებიც, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს არსებული ვითარების შესახებ. რაც შეეხება თანხას, ის გამოიყო სტიქიის შემდეგ ზარალის ანაზღაურებისთვის. სტიქიური უბედურების შემთხვევაში თითოეულ მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი დროული რეაგირებისთვის, იქნება ეს მოსახლეობის გაყვანა-განსახლება თუ სანაპირო ჯებირების მოწყობა და ა.შ. რეგიონებში ბევრი სამუშაოა, უმეტესად ერთჯერადი. მთავრობას კიდევ მოუწევს თანხების გამოყოფა, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას პრობლემა.
– ოზურგეთს ყველაზე მეტი, დაახლოებით 9 მილიონი ლარი გამოუყვეს, მთიან რეგიონებს კი ზოგ შემთხვევაში 200 ათასი ლარიც კი არა. სწორად არის გადანაწილებული თანხები?
– ეს ცოტა გაუგებარია, თუმცა თანხა განაწილდებოდა მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შესაბამისად, ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენად მოახერხეს მუნიციპალიტეტებმა ტერიტორიების იდენტიფიცირება. შეიძლება ყაზბეგმა (940.000 ლარი) იმიტომ მოითხოვა ამ ოდენობის თანხა, რომ იქ ისეთი მჭიდრო დასახლება არ არის, როგორიც, ვთქვათ, გურიაში. სალიკვიდაციო თანხები უპირველესად მოსახლეობაზეა გათვლილი. მაგალითად, თიანეთში პრობლემური ტერიტორიები, ძირითადად, დაუსახლებელია, ამიტომ მხოლოდ 193.000 ლარია გამოყოფილი.
გასული წლის წყალდიდობის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ოზურგეთში. პრობლემებია კახეთში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ტორნადომ გადაიარა. ასეთი მოვლენა არასოდეს დაფიქსირებულა. ტორნადომ მანქანები აიტაცა, ალავერდს მთლიანად მოხსნა სახურავი. ეს მოვლენა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია, რაღაც ისეთი ხდება ატმოსფეროში, რაც ჩვენ არ ვიცით. ბოლო წლებში ამის მსგავსი ქარბორბალები გვქონდა ზღვის რაიონებსა და სამცხე-ჯავახეთში, Yთუმცა შედარებით პატარა მასშტაბის. ბოლო პერიოდში წყალდიდობები იყო ხონში, სამტრედიაში, ქუთაისში – ადიდდა პატარა მდინარეები და დატბორა ტერიტორიები. მოსახლეობას წყალი შეუვარდა პირველ სართულებზე.
ზაფხული რთული პერიოდია, წვიმები კვლავაც მოსალოდნელია. ამას ემატება ჩახუთულობა და მომატებული ტენიანობა, ეს კი ხელს უწყობს მეწყრულ პროცესებს. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს აალება და ხანძრის გაჩენა ტყეებში, რაც ძალიან დიდი საფრთხეა. ამიტომ გვინდა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ თავი შეიკავონ ტყეში ცეცხლის დანთებისგან. ტყის საფრები ძალიან გამომშრალია და დიდია ალბათობა, აალება გამოიწვიოს.
ამ მხრივ სასიკეთო სიახლეები გვაქვს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში სატელიტური დაკვირვების ქსელი გაიმართება, რომელიც პირველივე კვამლის გამოჩენის დროს სიგნალს ჩართავს და თავიდან ავირიდებთ ფართომასშტაბიან ხანძარს. ეს ჯერ საცდელია, თუ გაამართლა, შესაძლოა ქვეყნის მასშტაბით ტყით დაფარულ ზონებში გაკეთდეს. მართალია, მომსახურება ძვირი ჯდება, მაგრამ ღირს, იმიტომ, რომ მიუდგომელი ადგილების გაკონტროლება შეუძლებელია ხოლმე. ძალიან საინტერესო სისტემაა, სატელიტი გადმოსცემს სიგნალს და სააგენტოში რეაგირებას ადგილობრივები ახდენენ.
– ყველაზე კრიტიკული ვითარება სად არის?
– კრიტიკული ვითარებაა კავკასიონზე თითქმის ყველგან, გურიაში, აჭარაში. სპეციალისტების თქმით, აჭარაში განსაკუთრებით საშიში პროცესები ვითარდება.
მიმდინარეობს ზონირება, საფრთხეების გამოყოფა და იდენტიფიცირება, რომელ ადგილას რა ტიპის საფრთხეა. ამის შემდეგ დაიწყება კონკრეტული ქმედებები. პირველადი გაფრთხილების სისტემა არ ნიშნავს მარტო აპარატურის დაყენებას, საქმეს მხოლოდ სიგნალი ვერ უშველის. შოვი 8 წუთში ჩამოინგრა. როცა არ იცი, როგორ მოიქცე, ამ დროში მობილიზებას ვერ მოასწრებ. ამიტომ მოსახლეობასთან მუშაობა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს მათი ინფორმირება და გადამზადება, რაც მისასალმებელია. ჩვენ სამინისტროს შევთავაზეთ, რომ კარდაკარ ვიაროთ და თითოეულ მოსახლეს ავუხსნათ, როგორ მოიქცეს სტიქიური უბედურების დროს.
– შესწავლა და ზონირება რა ეტაპზეა?
– გარკვეულწილად უკვე არის განსაზღვრული რისკის ზონები, ახლა დამატებით მიმდინარეობს საფრთხეების იდენტიფიცირება თითოეულ დასახლებულ პუნქტში. ვფიქრობ, სექტემბრისთვის უკვე გამოყოფილი იქნება რისკის ზონები. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა თითოეულ მუნიციპალიტეტში. გარემოს დაცვის სააგენტო მართავს სწავლებებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის, რათა მათ სააგენტოს გაგზავნილი ბიულეტენები სწორად წაიკითხონ, რომ საფრთხეები იდენტიფიცირებული ჰქონდეთ, სად შეიძლება მეწყერი მოხდეს, სად ღვარცოფი და ა.შ.
შოვის ტრაგედიის მიზეზების გამოკვლევისას დადგინდა, რომ ხშირი წვიმის შედეგად მყინვარმა ძლიერი დნობა დაიწყო. მე უცხოელების დასკვნებსაც გავეცანი. პრობლემა კომპლექსური იყო: კავკასიონზე მყინვარის ჩამოშლის მიზეზი კავკასიონში შიგნით, კლდეში, ქიშმიშებივით განლაგებული ყინული იყო. მაღალი ტემპერატურის გამო ისინი გაფართოვდა და კლდე გახეთქა. განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა კავკასიონის სამხრეთ ფერდებზეა, რომლებიც ჩვენს მხარესაა.
– თითქმის წელიწადი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. როგორც ითქვა, უნდა გაკეთებულიყო სასიგნალო დანადგარები. თუ გაკეთდა?
– დიახ, დიდი თანხა გამოიყო დამატებითი აპარატურის შესაძენად, როგორც ვიცი, რადგან შოვში კიდევ არის საფრთხე, რომ მყინვარი მოწყდეს, დნობის პროცესი დაწყებულია კავკასიონზე. დაკვირვების სისტემების დაყენება დაწყებულია. და რაც მთავარია, დასკვნაში პირდაპირ დაიწერა, რომ ამ ზონაში არ შეიძლება ინფრასტრუქტურის გაშენება.